ირაკლი კობახიძე - სიღარიბის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ეს არის ჩვენი უმთავრესი გამოწვევა

სიღარიბის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ეს არის ჩვენი უმთავრესი გამოწვევა. ბიუჯეტს აქვს თავისი ზღვარი და გვჭირდება დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად მძიმე მემკვიდრეობისა, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 5 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა.

„ეკონომიკური თვალსაზრისით ორჯერ ჩამოვრჩებით ევროკავშირის ყველაზე ღარიბ ქვეყანას და დაახლოებით 10-ჯერ ჩამოვრჩებით ევროპის განვითარებულ ქვეყნებს. ასეთ პირობებში სიღარიბის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ეს არის ჩვენი უმთავრესი გამოწვევა.

2012 წელს დაგვხვდა ძალიან მწირი სოციალური ბიუჯეტი და ამ ფონზე ხუთი წლის განმავლობაში მოვახერხეთ სოციალური ბიუჯეტის გაორმაგება. ამის ხარჯზე მოხდა ის, რომ 80%-ით გაიზარდა პენსიები 5 წლის განმავლობაში, მოვახერხეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღება, რამაც ბუნებრივია უზრუნველყო შესაბამისი ხარჯების შემცირება. ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსები ორჯერ არის გაზრდილი, რაც ნიშნავს ორჯერ მეტ ჯანმრთელობის დაცვას ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბუნებრივია, ჩვენს ბიუჯეტს აქვს თავისი ზღვარი და გვჭირდება დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.