წინამდებარე თვალსაზრისი, ერთი მხრივ, არის არსებული შეუქცევადი ტენდენციის აღწერა და ამავე დროს გარკვეული შეთავაზებაც სამართლის სფეროს ეფექტიანობის გაზრდისთვის.
ეს ეფექტიანობა თავისი ცვლილებების არსობრივი ხარისხით რევოლუციურია და მისი განხორციელება, პირველ რიგში, გამბედავ პოლიტიკურ ნებელობას უკავშირდება. ამავე დროს, მისგან მიღებული სარგებელი, ერთი მხრივ, ამარტივებს მოქალაქეთა მხრიდან სერვისის მიღების პროცედურებს უკიდურესობამდე და აიაფებს მომსახურების ხარჯებს, მეორე მხრივ კი, ქმნის სახელმწიფო და კერძო სერვისების გადაწყობის უნიკალურ შანსებს თვისობრივად ახალი, სუპერთანამედროვე საჯარო სერვისების უზრუნველსაყოფად.
რა არის ბლოკჩეინი?
მარტივი ენით, ბლოკჩეინი არის შეუცვლადი, დეცენტრალიზებული კომპიუტერული ქსელი, რომელიც სხვადასხვა ვირტუალური ტრანზაქციების განსახორციელებლად, მაგალითად, კრიპტოვალუტის - ბიტკოინისა თუ სხვა „კოინების“, ან მათი მეშვეობით სხვა ნებისმიერი გასხვისებადი პროდუქციის ან ქონების, მათ შორის უძრავის ქონების, შეძენა/გასაყიდად/გასაქირავებლად/ და ა.შ გამოიყენება.
ბლოკჩეინმა უკვე მოახდინა განუსაზღვრელი გავლენა საბანკო და ფინანსურ ინდუსტრიაზე და უახლოეს მომავალში ეს გავლენა თვისობრივად შეცვლის არსებულ ფინანსურ სფეროს, მოახდენს რა მის დეცენტრალიზაციას და სახელმწიფოს როლისა და გავლენის შემცირებას ეკონომიკაზე მთლიანობაში. რატომ? - იმიტომ, რომ ის ემყარება 2 ტიპის ინტერნეტს: ერთს, რომელსაც ჩვენ არსებული სახით ვიცნობთ და მეორეს, საგანთა ინტერნეტს, რომელიც ავტომატიზებულია და ავტონომიურად მოქმედებს, თავისუფალია რა, ამავე დროს, სახელმწიფოს იურისდიქციიდან ინტერნეტის ექსტრატერიტორიულობის პრინციპის გამო. ამის გასაგებად ავიღოთ მარტივი მაგალითი - შესაძლებელია თუ არა ონლაინ კაზინოების აკრძალვა? პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან არსებულ იურისდიაქციაში მისი რეგისტრაციის შეზღუდვა არ გამოიწვევს მის აღმოფხვრას ქსელიდან, ანუ კიდევ უფრო მარტივად, თუ ავკრძალავთ ონლაინ კაზინოს საქართველოს ტერიტორიაზე, ის დარეგისტრირდება ინტერნეტში დომეინით, მაგალითად, ლას ვეგასში და ვერც ერთი მთავრობა ვერ შეზღუდავს მის საქმიანობას თუ არ დაბლოკა მთლიანად ვებგვერდი, რაც არალეგალური იქნება, რაც უკვე ინტერნეტთან წვდომის უფლებად აღიარებულია ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებებით.
რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ბლოკჩეინს სამართლის ინდუსტრიაზე?
2011 წლიდან მოყოლებული, როდესაც ნიუ იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის ბაზაზე კიბერსამართლის აქტიური კვლევა დავიწყე, იმ საშუალებებს, რაც მერე და მერე გამოჩნდა, ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნათელი და მარტივად პრაქტიკაში წარმოდგენადი პერსპექტივა. თუმცა დღეს, სულ რაღაც 6 წლის შემდეგ, არსებული ბლოკჩეინის ტექნოლოგია საშუალებას იძლევა არსებითად შეცვალოს აქამდე მოქმედი კერძო თუ საჯარო სერვისების მექანიზმები. მაგალითისთვის საკმარისია მოვიყვანოთ ელექტრონული ხელმოწერებისა და სხვა თანამდევი ტექნოლოგიების შემოღების შედეგად მხოლოდ ამერიკის საადვოკატო სისტემის მიერ დაზოგილი 700 მილიონ დოლარზე მეტი, რომელიც მანამდე მხოლოდ ქაღალდზე, ტრანსპორტსა და დროზე იხარჯებოდა.
ამ ეტაპზე, სამართლის, პირველ დონეზე, ადვოკატებისა და იურიდიული მომსახურების სფეროზე არსებით გავლენას მოახდენს ე.წ. სმარტ (ჭკვიანი) კონტრაქტების ტექნოლოგია, რომელიც ბლოკჩეინის ბაზაზეა დამყარებული. ასეთი კონტრაქტი თვითაღსრულებადი [გარიგება] ხელშეკრულებაა ორ ან მეტ მხარეს შორის, რომელიც ინიცირდება მას შემდეგ რაც წინასწარ განსაზღვრული ნორმები და პირობები დაცულია. ის მოქმედებს პრინციპით: თუ ეს , მაშინ ასე. ეს ტექნოლოგია უკიდურესად ამცირებს დროისა და გადაადგილების ხარჯს და პრაქტიკულად ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად. მაგალითად, ნოტარიალური სერვისების აბსოლუტური უმრავლესობა ტექნოლოგიის მიერ ვერიფიცირებული და დადასტურებული იქნება რეალურ დროში, ანუ გააკეთებს ყველაფერს რასაც მიზნობრივად ახორციელებს ადამიანი-ნოტარიუსი, იმ განსხვავებით, რომ ამ ტექნოლოგიის გაყალბება და დაყოვნება შეუძლებელია. რა თქმა უნდა ნოტარიუსები კვლავ იქნებიან საჭირო, მაგალითად ანდერძისა და თუ სხვა ანალოგიური პროცედურების განსახორციელებლად, თუმცა მათი საქმიანობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ ტექნოლოგიით ჩანაცვლებადია. იგივე ითქმის საჯარო თუ სამოქალაქო რეესტრის, მერიისა და მუნიციპალურ სერვისებზე, რაც ნიშნავს, რომ ფიზიკური ერთი ფანჯრის პრინციპი მოძველებულია და ერთი ვირტუალური ფანჯრის პრინციპი წყვეტს საკითხთა აბსოლუტურ უმრავლესობას ყოველგვარი რიგში დგომის გარეშე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ტექნოლოგია გამორიცხავს კორუფციას!
დასკვნა: ეს ტექნოლოგია ამცირებს მოქალაქესა და რეგულირებას შორის შუამავლის - ადვოკატისა თუ ნოტარიუსის, ოპერატორისა თუ სხვა საჯარო თუ კერძო სერვისის განმახორციელებლის საჭიროებას. ეს კი, თავის მხრივ, წარმოშობს წინააღმდეგობრიობას მრავალ არსებულ და ტრადიციულ პრინციპთან, როგორიც არის მხარეთა შეჯიბრებითობა, მოსამართლის შინაგანი რწმენა და ა.შ. სწორედ ამიტომაც არის ის რევოლუციური.
როგორც ვხედავთ, ეს ტექნოლოგია ზემოაღნიშნული ადამიანური რესურსის საჭიროებაზე ერთი შეხედვით ნეგატიურ გავლენას ახდენს, ანუ ფიზიკური საქმიანობის საჭიროება კლებულობს. თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით - დავების მოგვარება, სამართალწარმოება, კონსულტირება და წარმომადგენლობა კვლავ დარჩება არსებით მოთხოვნად მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ამავე დროს, დროის ამ მოთხოვნას გაუძლებენ ის იურისტები და ადვოკატები, რომლებიც შეძლებენ აღნიშნული ტექნოლოგიის თავიანთ პრაქტიკაში დანერგვას. ამიტომაც, ადვოკატთა ასოციაციებმა, იმის მიუხედავად თუ რა სახელით ფუნქციონირებენ ისინი, ხელი უნდა შეუწყონ თავიანთ წევრთა შორის შესაბამის განათლებას, ტრენინგებსა და მეთოდოლოგიის სწავლებას. დღეს უკვე უამრავი გლობალური იურიდიული კომპანიაა ამ სისტემაში ჩართული და მის აქტიურ გამოყენებას მიმართავენ. ეს არსებითია ამავე დროს საინვესტიციო პროექტების მომსახურების კვალიფიციურად განსახორციელებლად და სხვა ბევრი იურიდიული მოქმედებისათვის, რომელიც უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობას გულისხმობს.
როგორც ვხედავთ, სახელწიფო ხელისუფლების დეცენტრალიზების არსებულ და დღემდე ცნობილ ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ აუცილებლობას ემატება მესამე - ინტერნეტ დეცენტრალიზაცია, თუმცა მხოლოდ სერვისების და არა - რეგულირების ნაწილში. რეგულირება რჩება და უნდა დარჩეს ადამიანურ განზომილებად და კომპეტენციად, ანუ სახელმწიფოს მთავარ ფუნქციად. ეს ტექნოლოგია სწორედ ამ რეგულირების გამარტივებულ, იაფ და სწრაფ აღსრულებას გვთავაზობს და საშუალებას გვაძლევს ინტეგრაცია მოვახდინოთ გლობალურ ბაზრებში, რომელთა უმრავლესობა უკვე დიჯიტალიზებულია.
ლევან ბოძაშვილი, ნიუ იორკის ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამეცნიერო მკვლევარი