დავით ნარმანია - ახალ მერს ვუსურვებ, ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი და პროგრამა განახორციელოს

დედაქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანია ახალ მერს, კახა კალაძეს წარმატებს უსურვებს. ნარმანია კალაძეს ამ წუთებში მერიის საქმიანობას, შენობას და თანამშრომლებს აცნობს.

"დღეიდან ახალი მერი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას და გადაიბარა თბილისის მერია. მინდა წარმატებები ვუსურვო და ასევე ვუსურვებ, რომ ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი და პროგრამა გააკეთოს, რაც თითოეული მოქალაქისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი. ეს 3 წელი და 3 თვე ძალიან დატვირთული იყო გამოწვევებით. ქალაქში არსებობდა უამრავი პრობლემა, რომელთა ნაწილი ჩვენი აქტიური მუშაობით და ძალისხმევით დაძლეულია. თუმცა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დღემდე რჩება გამოწვევად. ახალ მერს თავის პროგრამაში ყველაფერი სათანადოდ აქვს წარმოდგენილი",- განაცხადა ნარმანიამ.

მანვე წარმატებები უსურვა იმ თანამშრომლებს, ვინც მერიაში გააგრძელებს საქმიანობას.

"ვინც დარჩება თბილისის მერიაში, წარმატებებს ვუსურვებ, ვინც არ დარჩება და ჩემთან ერთად აქტიურად მუშაობდა, დაწყებული პირველი დღიდან, ყველას მინდა მადლობა ვუთხრა",- აღნიშნა ნარმანიამ.

რაც შეეხება მის სამომავლო საქმიანობას, ნარმანიას თქმით, ცოტას დაისვენებს და საზოგადოებისთვის შემდგომ გახდება ცნობილი, სად გააგრძელებს მუშაობას.