რუსთავში ულიცენზიო მძღოლების დაჯარიმება დაიწყო

რუსთავის მერიის მოსაკრებლების სამსახურმა რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზებზე ლიცენზიის გარეშე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლების დაჯარიმება დაიწყო.

მოსაკრებლების სამსახურის მიერ დაჯარიმებული მძღოლები თანხის გადახდას არ აპირებენ, ისინი აქციებითა და სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრებიან.

რუსთავის მერიის მოსაკრებლების სამსახურის უფროსი ზაქრო დათუაშვილი აცხადებს, რომ მძღოლების დაჯარიმებისას მისი თანამშრომლები კანონის ფარგლებში მოქმედებენ, ადვოკატ რიჟამაძეს კი ისინი შეცდომაში შეჰყავს და მათით მანიპულირებს.

უკვე მესამე დღეა, რაც რუსთავი-თბილისის მარშუტზე მგზავრთა გადაყვანას კონკურსში გამარჯვებული კომპანია ,,ინტერტრანსი" ახორციელებს. რუსთაველი მძღოლების ერთი ნაწილი უწინდებურად მათთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ, თუმცა აღნიშნულ ხაზზე ლიცენზიის გარეშე აგრძელებენ მუშაობას. მძღოლთა ეს ნაწილი კონკურსის შედეგების გაუქმების მოთხოვნით ორი თვის განმავლობაში საპროტესტო აქციებს მართავდა.