რას ითვალისწინებდა ნოე ჟორდანიას მთავრობის დრო შექმნილი თბილისის გენგეგმა

თბილისში სულ უფრო ხშირად გაიგონებთ, ქალაქი ბეტონის ჯუნგლებს დაემსგავსაო.

დიდი ცოდნა და გამჭრიახი თვალი არ არის საჭირო მისახვედრად, რომ ურბანიზაცია-ქალაქგეგმარება მთლად კარგად ვერ გამოგვდის. თუმცა, მაინც საინტერესოა პროფესიონალ არქიტექტორთან გასაუბრება:

გიორგი სულაბერიძე, არქიტექტორი: - ურბანიზაცია, ძირითადად, მე-20 საუკუნის დამდეგს იწყებს განვითარებას. ამ დროს დაიწყო პირველი ქალაქგეგმარებითი წესების შემუშავება, განსაკუთრებით, ამერიკაში, 20-იან წლებში, როდესაც დიდი ქალაქები: ნიუ-იორკი, ვაშინგტონი და ჩიკაგო შენდებოდა. იმავე დროს თითქმის ყველა დიდ ქალაქში მოხდა უზარმაზარი ხანძრები, ჩიკაგო მთლიანად დაიწვა, ნიუ-იორკი დაზარალდა. ამანაც გამოიწვია ქუჩის სიგანეების, სხვადასხვა სამშენებ­ლო და ქალაქგეგმარებითი კანონების ჩამოყალიბება.

ქართული ქალაქგეგმარება არ არსებ­ობდა. მხოლოდ ნიკო ნიკოლაძის დიდი დამსახურებით დაგეგმარდა ფოთი საბჭოთა ეპოქამდე. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ნოე ჟორდანიას თაოსნობით თბილისის გენგეგმა დაუკვეთა ბელგიურ კომპანიას, რომელმაც გამოიკვლია და დაადგინა, რომ ოქროყანა და მის გარშემო მიდამოები ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა იყო და თბილისი ამ მიმართულებით უნდა განვითარებულიყო. პირველი ნაბიჯი იყო ფუნიკულიორის მშენებლობის დაგეგმვა. მატარებლის სამოძრაოდ ბოტანიკური ბაღის მხრიდან გვირაბის გათხრაც დაიწყეს. მოგვიანებით, ამ გენგეგმით საბჭოეთში ისარგებლეს და ფუნიკულიორი გაშენდა. ქართული გეგმარება მთაწმინდის ტერიტორიაზე ჩატარებული რამდენიმე სამუშაოთი დასრულდა.

საბჭოთა წლებში, მოგეხსენებათ, ყველაფერი მოსკოვში წყდებოდა. რუსებს ნაკლებად ადარდებდათ ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიები ან მოსახლეობის ცხოვრების პირობები. მთავარი იყო, რომ ღერძი­ - სოჭი, სოხუმი, თბილისი-ბაქო ყოფილიყო გრძივი განვითარების. რკინიგზაც პრიორიტეტული გახდა - სტრატეგიული წერტილები - ბაქო, ბათუმი. თბილისი უნდა განვითარებულიყო გრძივად, მტკვრის გასწვრივ. ამას რელიეფი და ბუნებრივი პირობებიც უწყობდა ხელს, მაგრამ კომუნისტებს ეს არ აღელვებდათ, მათ სხვა მიზნები ჰქონდათ - უნდა განევითარებინათ მრეწველობა, განსაკუთრებით, სამხედრო ინფრასტრუქტურა. ამ პერიოდიდან იწყებს ბერია სანაპიროების მოწყობას მტკვრის გასწვრივ, კეთდება კომუნიკაციები, სანიაღვრეები. მოგვიანებით, უკვე ჩარკვიანის მმართველობისას, მოსკოვში დაიგეგმა, რომ თბილისში­ აგებულიყო დიდი მეტალურგიული ქარხანა. ჩარკვიანისა და ბერიას დამსახურებაა, რომ ეს არ მოხდა - ჩამოუყვანიათ ნახევარი პოლიტბიურო თბილისში, ალბათ, აქეიფეს კიდეც, სავარაუდოდ, ფუნიკულიორზე, მერე მთაწმინდიდან გადაახედეს და უთხრეს: აი, ამ ქალაქს დაღუპავთ, ამ სილამაზეს შთანთქავთ, თუკი აქ მეტალურგიული ქარხანა განთავსდებაო. ამაზე რუსული დელეგაციიდან ერთ-ერთს უთქვამს, გადავიტანოთ მერე თბილისიდან 30 კილომეტრშიო. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ ქარხანა რუსთავში განთავსებულიყო, საავიაციო ქარხანა კი ქალაქის განაპირას, მტკვართან ახლოს აშენებულიყო.

ომი რომ დამთავრდა, ნახევარი ევროპა­ დანგრეული იყო, მათ შორის, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთის ნაწილი და ახალი ქალაქგეგმარებითი ნორმების შემუშავება დასჭირდათ. რუსებმა როგორც იციან ხოლმე, აიღეს გერმანული და მთლიანად გადმოთარგმნეს. კიევში, კრასნოიარსკში,­ პეტერბურგში, თბილისში, ალმა-ათაში ერთი ნორმა იქნა შემოღებული. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ 3 კლიმატურ ზონად დაყვეს საბჭოთა კავშირი - შორეული ჩრდილოეთი, შუა და სამხრეთი­ ზონა. სამხრეთ ზონაში შედიოდა მთელი ამიერკავკასია და შუა აზია.

საბჭოთა ნორმების მიხედვით, სახლიდან გასტრონომამდე 300 მეტრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო სავალი, ერთ სულ მოსახლეზე 15 კვმ გამწვანება იყო დაწესებული.

- თუმცა მაშინაც არ ითვალისწინებდნენ სტანდარტს. როგორც ვიცი, თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ყველაზე­ მაღალი კოეფიციენტი იყო 1988 წელს და 13 კვმ შეადგინა.

- კაცმა არ იცის, ეს ნორმა სწორი იყო თუ არა. როგორც ვთქვი, ეს სტანდარტები გერმანიიდან გადმოიღეს, მერე რაც უნდოდათ, დატოვეს, რაც არა, შეცვალეს.

ძველ თბილისში ერთ სულ მოს­ახლეზე 15 კვმ გამწვანება რომ დააწესო, უნდა დაანგრიო ნახევარი ძველი თბილისი.

საერთოდაც, სამხრეთული თუ აზიური ქალაქებისთვის გამწვანება იმდენად ტრადიციული არ იყო. ქალაქური რეკრეაციის ტრადიცია, ისეთი, როგორიც ლონდონში ან პარიზშია, ბანიან თბილისში არასდროს ყოფილა. კი, იყო ნახევრად ველური ორთაჭალის ბაღი. ის პირველი ბაღები, პლეხანოვზე რომ გაკეთდა - გორკისა და გოფილექტის ბაღებს ვგულისხმობ - თავის დროზე გერმანელების გაშენებულია. ისინი ამ მიდამოებში სახლობდნენ. ჩვენთან პირველად მათ შექმნეს კვარტალური განაშენიანება, რომლის შიგნით ბაღები განათავსეს. ალექსანდრეს ბაღი რუსული გავლენით გაშენდა, მეფისნაცვლის სასახლე იყო და მის წინ გააშენეს. მუშთაიდიც არ არის ადგილობრივის გაშენებული. პარკების მეორე ტალღა საბჭოთა დროს გაშენდა - ვაკის პარკი, რომელსაც ყველა მხრიდან შემოაჭრეს ტერიტორიები, "მზიური"...

- დღეს რა სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ?

- დაახლოებით 2005-2007 წლებიდან დასავლურ სტანდარტებზე გადავედით ისევ და ისევ USAID-ის დახმარებით. ევროპული ერთიანი სტანდარტი არ არსებობს, ერთიანი სტანდარტი რომ არსებობდეს, ბერლინი ბერლინი აღარ იქნება, პარიზი - პარიზი...

ცოტაა ისეთი სპეციალისტი, ვინც ქართულ სტანდარტებს შექმნიდა. ამიტომაც USAID-ის დახმარებით თარგმნეს. ამერიკის საერთაშორისო სტანდარტების საკონსულტაციო კომპანია ყველანაირ, მათ შორის, სამშენებლო სტანდარტებს ადგენს. მათი შემუშავებული სტანდარტებით ხელმძღვანელობენ ჩინეთში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, თურქეთში... ეს ყველაფერი­ თარგმნეს ქართველმა სპეციალისტებმა და 2017 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა ძალაში.

ამერიკული სტანდარტები განსხვავდება საბჭოთა სტანდარტებისგან. თეორიულად ამერიკაში ყველაფერი შეგიძლია გააკეთო, მაგრამ იმდენად გზღუდავენ ყველაფერში და გიძვირებენ, რომ აღარ გიღირს. ჩვენთან ოცსართულიანს ააშენებ თუ ორსართულიანს, ერთი და იგივე მიდგომაა. დღეს ვერც ერთი ჩვენი მაღლივი შენობა საერთაშორისო სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, თუნდაც იმიტომ, რომ არა აქვთ სახანძრო ლიფტები, ჩამქრობი სისტემები...

- სტანდარტის მიხედვით, კორპუსები რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული ერთმანეთისგან?

- სიმჭიდროვის სტანდარტი თბილისის სხვადასხვა ზონაში სხვადასხვანაირია. მაგალითად, ამერიკაში არის საცხოვრებელი ზონა და საზოგადოებრივი საქმიანი ზონა. სიმჭიდროვეც ამის მიხედვით განსხვავდება. საზოგადოებრივ საქმიან ზონაში, სადაც ოფისები, სასტუმროები და სავაჭრო ცენტრებია, ადამიანი არ ცხოვრობს. თბილისში ასეთი ზონა არ არსებობს. ჭავჭავაძის ქუჩას აქვს მინიჭებული საზოგადოებრივი საქმიანი ზონის სტატუსი, მაგრამ საცხოვრებელი ზონა უფროა. იქ ყველა შენობა საზოგადოებრივი საქმიანი ზონის პარამეტრებით არის აშენებული, მაგრამ, სინამდვილეში, იყიდება როგორც საცხოვრებელი ბინები. საზოგადოებრივ საქმიან ზონაში, მაქსიმუმ, 30% არის დასაშვები საცხოვრებლად, 70% არასაცხოვრებელი უნდა იყოს. 

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 13 ნოემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად