ჩალის ფასად გაყიდული რელსები და "საბიუჯეტო ომს" შეწირული ტრამვაი

”თუ ევროპას ვბაძავთ, მაშინ იქ ყველგან არის ტრამვაიც და ტროლეიბუსიც”.

ჩვენი ბებიებისა და პაპების მონაყოლს თუ დავუჯერებთ, ერთ დროს, ტრამვაისა და ტროლეიბუსის გარეშე თბილისის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. ეს გახლდათ ყველაზე იაფი და ხელსაყრელი ტრანსპორტი არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ მთელი ქალაქის მოსახლეობისათვის. შემდეგ რელსები აიყარა, ვაგონები სადღაც გაქრა და დედაქალაქი ტრამვაის გარეშე დარჩა.

შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ტრამვაის პროექტი კარგა ხანია შემუშავებულია: 2010 წელს, თბილისის მერიასა და ფრანგულ საინჟინრო კომპანია "სისტრას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ტრამვაის ქსელის ტექნიკურ პროექტზე მუშაობა კი 2012 წელს დასრულდა. თუმცა დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის გარეშე მერია ამ პროექტს ვერ განახორციელებს. ჩანს, პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 143 მილიონი ევროა, პოლიტიკური "ომის" გამო ჯერჯერობით ვერ განხორციელდება.

სევდია უგრეხელიძე, ქალაქ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი:

- ტრამვაის პროექტი თბილისისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი არის, რადგან ეს უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. პროექტის განხორციელება შეიძლება ძვირი დაჯდეს, მაგრამ სპეციალისტების თქმით, მისი ექსპლუატაცია არც ისე ძვირი ჯდება. ვფიქრობ, ვინც არ უნდა მოვიდეს დედაქალაქის სათავეში, ამაზე ზრუნვა უნდა დაიწყოს. თბილისში ტრამვაის ხაზები ოდითგანვე მუშაობდა და ერთგვარი კოლორიტიც გახლდათ. თანაც, თბილისი მტკვრის ნაპირებზეა გაშენებული და ტრამვაის ხაზმა შეიძლება მთელი ქალაქი მოიცვას. ტრამვაი, ეს არის ტრანსპორტი, რომლითაც მთელი კულტრული ევროპა სარგებლობს და მისი ამოქმედება ჩვენთანაც უნდა მოხერხდეს.

სამწუხაროდ, ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ძვრების გამო, მერიის მუშაობა თანდათან შეიზღუდა და დამთავრდა იმ საბიუჯეტო კრიზისით, რომლის შესახებაც ყველამ იცის. ბოლო ორ წელიწადში ბევრი რამ გაჩერდა და ეს პროექტიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ”საბიუჯეტო ომის”  პირობებში მისი განხორციელება მერიისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია".

ლავრენტი ალანია, ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე: ”თუ ქალაქში ტრამვაის არსებობა სურდათ, თავის დროზე უნდა მიეხედათ. როგორმე უნდა მოეხერხებინათ არსებული ხაზების გადახალისება, ახლა კი, ისევ ნულიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი - ამიტომაც ჯდება პროექტი ძვირი. მერია ამტკიცებს, ამ პროექტს მთავრობა ხელს უშლისო, მაგრამ აქამდე სად იყვნენ? ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა ნამდვილად არ მინდა, არც ის მინდა, თბილისის მერიისა და მთავრობის ბატალიებში ჩავერიო, მაგრამ რაც გასაკეთებელია, თავის დროზე უნდა გაკეთდეს. თუ ევროპას ვბაძავთ, მაშინ იქ ყველგან არის ტრამვაიც და ტროლეიბუსიც, სამწუხაროდ, წინა ხელისუფლებამ ორივე გააუქმა და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ოდესმე დაუშვიათ.

ტრამვაის ამუშავება მოსახლეობისთვისაც დიდი შეღავათი იქნება. ბოლოს და ბოლოს, დედაქალაქში ამდენი შხამი და გამონაბოლქვი მაინც აღარ დაგროვდება, მაგრამ აქვე იკვეთება ერთი პრობლემა: თუ ტრამვაი ამუშავდება, შესაბამისად, მიკროავტობუსების რაოდენობაც შემცირდება, რაც მათი მძღოლების უმუშევრად დატოვებას ნიშნავს. ამიტომ, საჭიროა კარგი გენერალური გეგმის შედგენა და განსაზღვრა, თუ რა მარშრუტები უნდა არსებობდეს ქალაქში სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტისათვის. მოკლედ, ამ პროექტის განხორციელება ძალიან რთული საქმეა და უნებლიეთ ჩნდება კითხვა - არის კი ქვეყნის ბიუჯეტი ამისათვის მზად? მე პირადად, ეჭვი მეპარება, ინვესტორმა ამ პროექტში თანხა ჩადოს. სურვილი კარგია, მაგრამ რეალობა - მეორე. ეს საქმე ერთ წელიწადში და ერთ დღეში ვერ გაკეთდება. თავის დროზე ტრამვაი რუსთავშიც დადიოდა და ქუთაისშიც, მერე კი, რელსები დაჭრეს, ჩალის ფასად გაყიდეს და ამით ფული იშოვეს, უცხო ქვეყნებიც გაამდიდრეს და საკუთარი ჯიბეებიც გაისქელეს".

აკაკი ჯოხაძე, ქალაქ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: "მგონი, არ ღირს წუხილი იმაზე, რაც იყო: ეს იყო სრულიად ამორტიზებული და მოძველებული სისტემა, რომელიც ისედაც უნდა შეცვლილიყო. ტრამვაი თბილისში 2006 წელს გაუქმდა, მაშინ ბიუჯეტი ძალიან მწირი იყო, მგზავრთა უსაფრთხოების გარანტიაც კი არ არსებობდა, რადგან ვაგონებზე დენი გადადიოდა, ხოლო რელსები იშლებოდა. ახალი პროექტი ითვალისწინებს აბსოლუტურად სხვა სისტემის შექმნას: თანამედროვე ტრამვაი თითქმის უხმაურო და უვიბრაციოა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 143 მილიონი ევროა, შესაბამისად, ამ თანხას ქალაქის ბიუჯეტი მარტო ვერ დააფინანსებდა და ვერც ახლა დააფინანსებს. შესაძლებელია, ამას ცენტრალური ბიუჯეტიც ვერ აუვიდეს. ამიტომ, სასურველია, რომ ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთად იმუშაონ და მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება -არის თუ არა პრიორიტეტი ქალაქში ამ ტიპის ტრანსპორტის განვითარება. ყველაზე კარგი გზაა გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხის გაფორმება, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს - ეს აპრობირებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში. სხვაგვარად, მარტო თბილისის მერია ამ საქმეს ნამდვილად ვერ შეწვდება. თუ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება შეთანხმდებიან, მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი პროექტის განხორციელება.

-ეს უფრო ადრე რატომ ვერ მოხერხდა?

- შეგახსენებთ: 2010 წელს თბილისის მერიასა და ფრანგულ საინჟინრო კომპანია "სისტრას" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ტრამვაის ქსელის ტექნიკურ პროექტზე მუშაობა კი 2012 წელს დასრულდა. ამის შემდეგ მიმდინარეობდა მოლაპარაკება იმდროინდელ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. მერე კი, არჩევნების გზით ქვეყნის სათავეში სულ სხვა ძალა მოვიდა. ამის შემდეგ არც ერთი ნაბიჯი პროექტის განსახორცოელებლად აღარ გადაგვიდგამს. ჯერჯერობით პროექტი შეჩერებულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, განახლდება, იმიტომ რომ, ამ ტიპის ტრანსპორტს მთელ მსოფლიოში ალტერნატივა არა აქვს. არაერთი გზა შეიძლება გამოიძებნოს მის დასაფინანსებლად: შეიძლება სახელმწიფოს თანამონაწილეობა, შეიძლება ინვესტიციის ნაწილი სახელმწიფომ ჩადოს, ხოლო ნაწილი - კერძო სტრუქტურამ, მაგრამ პროექტის მიხედვით, ტრამვაი სადღაც 8-10 წელიწადში ამ დანახარჯებს დაფარავს. საერთოდ, ტრამვაის ერთკილომეტრიანი ხაზი 7-დან 11 მილიონ ევრომდე ჯდება, ამ პროექტის მიხედვით კი - საშუალოდ, 8 მილიონი ევრო დაგვიჯდება. როგორც გითხარით, ცენტრალური ხელისუფლების ჩარევის გარეშე პროექტის განხორციელება თეორიულადაც კი წარმოუდგენელია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურ მერს აირჩევს ჩვენი მოსახლეობა. ჩემი აზრით, ამ საქმისათვის გრძელვადიანი სესხის აღება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია - სწორედ ასე კეთდება თბილისი-რუსთავის გზა და მეტროს ახალი სადგური უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან... სხვათა შორის, ყველა ევროპული ქალაქი თანდათან აჩერებს სხვა სახის ტრანსპორტს და პრიორიტეტს ისეთ უსაფრთხო და ეკონომიურ სატრანსპორტო საშუალებებს ანიჭებს, როგორიც ტრამვაი, ან ტროლეიბუსია”.

ხათუნა ჩიგოგიძე