მინისტრთა კაბინეტი 6-მა მინისტრმა დატოვა

მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მინისტრთა კაბინეტს ჯამში 6 მინისტრი დაემშვიდობება.

უფრო კონკრეტულად, მინისტრის პორტფელს ტოვებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

აღნიშნულიდან რამდენიმე უწყება გაერთიანდება. კერძოდ, უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო და ის ეკონომიკის სამინისტროს უერთდება. ამავე უწყებას შეერწყმება გარემოს დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. გაერთიანებულ უწყებას დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს დანარჩენ ნაწილს, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაექვემდებარება. სოფლის მეურნეობის მინისტრად ლევან დავითაშვილი რჩება.

შს მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილს გიორგი გახარია შეცვლის. ერთ უწყებად ერთიანდება კულტურისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროების სპორტის ნაწილი, რომელსაც მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილს, ის განათლების სამინისტროში გადავა, რომელსაც ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი ჩაიბარებს.

უქმდება ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და აღნიშნული მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება.

იხილეთ ვიდეო: PALITRANEWS-ზე