ირაკლი კობახიძე - ცვლილებებს მოყვება ხარჯების შემცირება, რაციონალიზაცია, ოპტიმიზაცია, რაც მოიტანს დადებით შედეგებს

პრემიერ-მინისტრის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ემსახურება მთავრობაში მართვის სისტემის რაციონალიზაციას, ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მივესალმებით იმ სულისკვეთებას, რომელსაც ეფუძნება პრემიერის ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება ბიუჯეტს, ბუნებრივია, ამ ცვლილებების ერთ-ერთი შედეგი არის ხარჯების შემცირება, რაციონალიზაცია, ოპტიმიზაცია, აქედან გამომდინარე, ყველა თვალსაზრისით, ეს ცვლილებები მოიტანს დადებით შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პროცედურებს და ვადებს, თუ როდის გამოუცხადებს ნდობას პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს მთავრობაზე არის დამოკიდებული.

„ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის შემოვა შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის წესით მთავრობიდან პარლამენტში. კანონპროექტის მიღების შემდეგ, უნდა წარედგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს დასამტკიცებლად. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დეკემბრის ბოლომდე, ან იანვარში დასრულდება მთლიანად პროცედურა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.