მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა, - ამის შესახებ ფინანსთა ახალმა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან წარმატებული უწყების ხელმძღვანელობა მომიწევს. ვფიქრობ, რომ ფინანსთა სამინისტრომ ძალიან ბევრი საინტერესო და წარმატებული რეფორმა და პროექტი გაატარა. ძირითადი პარამეტრები როგორც ბიუჯეტის, ასევე მომავალი ხარჯების შეთანხმებულია საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. ჩვენ ამ პოზიტიურ გეზს აუცილებლად გავაგრძელებთ. რაც შეეხება მიდგომებს, მთავარი ორიენტირი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. ალბათ, უსმინეთ პრემიერის გამოსვლას - ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მოხდეს ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია და ამავე დროს, ეფექტურობის გაზრდა. ვფიქრობ, რომ ამას წარმატებით მივაღწევ“, - განაცხადა ბახტაძემ.