ფუნტმა კვირა კლებით დაიწყო

ბრიტანული ფუნტისთვის ახალი კვირა მკვეთრი კლებით დაიწყო.

ამის მიზეზი ისაა, რომ კონსერვატორი პარლამენტარების 40 პროცენტი, მთავრობაში ცვლილებათა განხორციელების საჭიროებას ემხრობა. გარდა ამისა, ბრექსიტთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიც გადამწყვეტ ფაზას უახლოვდება.

იმავდროულად, დოლარი ფუნტთან სხვა ძირითად ვალუტებთანაც კვლავ მყარად დგას. მისი სიმყარის ძირითადი მიზეზი, ისევ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული საგადასახადო რეფორმაა.

დოლართან მიმართებით ბრიტანული ვალუტის ფასი სულ უფრო შორდება ბოლო რვა დღის პიკს, როდესაც ერთი ფუნტი 1.3229 დოლარი ღირდა. შუადღისთვის ფასი 1.3060-მდე შემცირდა, აჟამად კი კონსოლიდაციის ფაზაშია და 1.3076 ღირს.

როგორც „სანდი ტაიმსი“ წერს, მეის კონსერვატიული პარტიის პარლამენტართაგან 40 წევრი მზადაა იმისათვის, რომ მეის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს. პრემიერის და მისი მთავრობის შესაცვლელად კი ამაზე რვა ხმით მეტია საჭირო. პარალელურად, ბრექსიტის მინისტრმა დევიდ დევისმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი არ დაასახელებს კონკრეტულ თანხას, რაც ბრიტანეთს ევროკავშირიდან გამოსვლა დაუჯდება. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი, ევროკავშირთან გაყრასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობაა.

დოლარის ინდექსი ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებით, 0.15 პროცენტით, 94.533-მდე გაიზარდა. საგადასახადო რეფორმის მოლოდინის გარდა, ამას ამერიკული სახაზინო ფასიანი ქაღალდების მომგებიანობის 6 საბაზისო პუნქტით ზრდაც განაპირობებს.

დოლარი 0.1 პროცენტით გაიზარდა იენთან წყვილში და 113.660 იენს მიაღწია. ევრო 0.1 პროცენტით, 1.1653 დოლარამდე შემცირდა. 0.5 პროცენტით დაიკლო ავსტრალიურმა დოლარმა, რომელიც 0.7655 ამერიკული დოლარი ღირს.