ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია, ხოლო დაზარალებული პირების რაოდენობა დაახლოებით 4 000 ადამიანია. ამის შესახებ ფინანსური პირამიდების შესახებ „საზოგადოება და ბანკების“ კვლევაშია აღნიშნული.
ამასთან, კვლევაში საუბარია იმ კომპანიებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია და რომელთა მიმართაც სამართლებრივი დავა მიმდინარეობს.
ესენია: საფინანსო კომპანია „საქართველო“, რომელმაც დააზარალა 2 343 მოქალაქე და 81 მილიონი ლარამდე ზიანი მიაყენა; კომპანია MFX Broker Georgia – დაუზუსტებელი მონაცემებით, მითვისებულია 4.2 მილიონ ლარამდე და დაზარალებულად 111 ადამიანია ცნობილი; კომპანია ევროკრედიტი - დაუზუსტებელი ინფორმაციით ზარალის მოცულობა 3 მილიონ ლარს აჭარბებს. კომპანიის საქმიანობით კი 300-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა.