400-ზე მეტი ამერიკელი მილიონერი და მილიარდერი კონგრესისგან არათუ გადასახადების შემცირებას, არამედ სიმდიდრის გადასახადების ზრდას ითხოვს. ამის შესახებ Washington Post წერს.
მათი თქმით, კონგრესის ასეთი გადაწყვეტილება „უთანასწორობის გაღრმავებას“ და სახელმწიფო ვალის გაზრდას გამოიწვევს. აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება მაშინ, როდესაც უთანასწორობამ 1920-იანი წლების შემდეგ პიკს მიაღწია და სახელმწიფო ვალი ასეთი მაღალი არასდროს ყოფილა.
მიმართვა ლიბერალურმა ჯგუფმა Responsible Wealth-მა გაავრცელა. Washington Post-ის ინფორმაციით, მიმართვის ხელმომწერთა უმეტესობა კალიფორნიაში, ნიუ-იორკსა და მასაჩუსეტსში ცხოვრობს. ეს ის შტატებია, სადაც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა.
გამოცემის ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტიის მიერ ინიცირებული გადასახადო რეფორმის ბედი კალიფორნიელი, ნიუ-იორკელი და ნიუ-ჯერსელი რესპუბლიკელი კონგრესმენების ხმებზე იქნება დამოკიდებული.