აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. საშიშმა მავნებელმა ორი წლის განმავლობაში თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა და ამ დარგს სერიოზული ზარალი მიაყენა.
როგორც გურიასა და სამეგრელოში მცხოვრები ფერმერები ამბობენ, ფაროსანამ წელს უკვე ციტრუსებიც დააზიანა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერის მკვიდრმა, ფერმერმა მერაბ ფიფიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ სამეგრელოს რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა:
„ზუგდიდის რაიონის სოფლებში ძალიან რთული მდგომარეობაა, რადგან თხილის მოსავლის შემდეგ ხალხი ციტრუსის მოსავალსაც კარგავს: ციტრუსის 90% დაზიანებული და განადგურებულია, განსაკუთრებით მანდარინი. მე მაგალითად, ოჯახში ლიმნის ბაღი მაქვს და ფაროსანას წყალობით ნახევარ მოსავალსაც ვერ ავიღებ. ამ ბაღში 1,5 ტონა ლიმონს ვკრეფდი, წელს კი ხელცარიელი ვრჩები. ფაროსანამ ყველაზე მეტად მანდარინი გაანადგურა, თუმცა არც ფორთოხალი და ლიმონი დაინდო. მავნებელს წვიმიანი ამინდებიც დაერთო, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა“, - ამბობს მერაბ ფიფია.
ფერმერის თქმით, შარშან ანაკლიაში და მის მიმდებარე სოფლებში ციტრუსის ისეთი მოსავალი მოვიდა, რომ ხალხმა არ იცოდა სად წაეღო, წელს კი, შარშანდელი მოსავლის ნახევარიც სანატრელი აქვთ.
„ფერმერები ადრე თავიანთ ნაკვეთებში 5-10 ტონა ციტრუსს კრეფდნენ, წელს 50-100 კილოგრამსაც ვერ მოკრეფენ. სხვათა შორის, უფრო მძიმე მდგომარეობაა აფხაზეთში და გალის რაიონში. იქ მცხოვრები ჩემი ნაცნობები ამბობენ, რომ წელს თხილი საერთოდ არ აუღიათ, ციტრუსებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ხშირად მანდარინი, ან ფორთოხალი გარედან საღი ჩანს, მაგრამ გული მთლიანად გამომშრალი და გამოფიტული აქვს. თუ სხვა რეგიონებშიც ანალოგიური სიტუაციაა, ქართულ ბაზარზე ციტრუსის დეფიციტი შეიქმნება, რაც ამ პროდუქტს ერთიორად გააძვირებს“, - აღნიშნავს მერაბ ფიფია.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში, აკაკი ღლონტი ამბობს, ფაროსანა ციტრუსის ნაყოფს ხორთუმით აზიანებს, რითაც სოკოვან დაავადებას უხნის გზას.
„შარშან ფაროსანა გურიის ზონაში ძალიან მცირე რაოდენობით იყო, წელს კი, თხილთან ერთად ციტრუსებსაც მოედო. დაზიანებულია მანდარინის, ფორთოხლის და ლიმნის ნარგავები. ციტრუსს ალაგ-ალაგ შავი წერტილები ეტყობა და მისი შიგთავსიც გამოფიტულია. ფაროსანა იმდენად ვერაგი მავნებელია, რომ უკვე მთელი მსოფლიოს პრობლემა გახდა. ის ძირითადად ნაყოფის წვენით იკვებება, ჩაასობს თავის ხორთუმს და მერე ამ ნაყოფს სოკოვანი დაავადება ადვილად ერევა. მიუხედავად იმისა, რომ ტარდებოდა უფასო ტრენინგები, ხალხს წამალიც დაურიგეს, ფაროსანა გურიაში მაინც გავრცელდა“, - აღნიშნავს აკაკი ღლონტი.
აგრონომის თქმით, ქიმიურმა საშუალებებმა შეიძლება ფაროსანა დახოცოს, მაგრამ ფუტკარი და სხვა მწერებიც გადააშენოს, რაც ძალიან დიდ ზიანს მოუტანს ჩვენს ბუნებას.
„ჩვენთან იმდენად მჭიდრო დასახლებებია, რომ ყველაფერს ერთიანად ვერ შეწამლავ. ისეთ დიდ ქვეყნებში, სადაც ერთ ფერმერს ათასი და 2 ათასი ჰექტარი მიწა აქვს, თვითმფრინავით შეწამვლა თავისუფლად შეიძლება, ქართულ სოფლებში კი, თვითმფრინავს თამამად ვერ გამოიყენებ: აქ მჭიდრო დასახლებებია, ყველა ოჯახს სხვადასხვა კულტურა აქვს გაშენებული და შეწამვლა ხელს არ აძლევს, რაც ძალიან უშლის ხელს ფაროსანას განადგურებას. ეს ძალიან ფაქიზი საკითხია და მისი გადაწყვეტა კომპეტენტური სპეციალისტების ჩარევას საჭიროებს. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ ფაროსანას ბუნებრივი მტერი გამოჩნდება, მაგრამ მის განადგურებას ადამიანებმაც უნდა შეუწყონ ხელი. ამ მწერს შესანიშნავად ანადგურებენ მერცხლები, ასევე შინაური ფრინველებიც. ბევრი საშუალებაა, რომ ფაროსანა განადგურდეს, ოღონდ ყველა ერთად უნდა ეცადოს მავნებლის მოსპობას. მართალია, მისგან დაზიანებული ციტრუსი თუ ხილი ადამიანისთვის მავნებელი არ არის, მაგრამ ვიზუალურად ძალიან ცუდად გამოიყურება, ასეთი ხილი არ იყიდება და ამის გამო პირველ რიგში ფერმერები ზარალდებიან“, - აცხადებს აკაკი ღლონტი.
რა მდგომარეობაშია ციტრუსის ბაღები აჭარაში? - ეს შეკითხვა „ბიზნესპრესნიუსმა“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს - ავთანდილ მესხიძეს დაუსვა. მისი თქმით, საბედნიეროდ, აჭარაში ციტრუსის მოსავალი დაზიანებული არ არის.
„ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო ჩავატარეთ, ბაღები წინასწარ შევწამლეთ, რის გამოც ფაროსანა ჩვენს რეგიონში ფართოდ არ გავრცელებულა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აზიური ფაროსანას გავრცელების ინტენსივობის დადგენის მიზნით, „სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან“ ერთად სპეციალური მონიტორინგი ჩაატარა. მონიტრორინგის შედეგი ასეთია: ციტრუსის ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ არა ფაროსანას მიზეზით, არამედ სულ სხვა მიზეზების გამო. წამლობამ და დროულმა ღონისძიებებმა სასურველი შედეგი მოგვცა და აჭარაში ციტრუსის მოსავალი არ დაზიანებულა“, - აცხადებს ავთანდილ მესხიძე.
მისი შეფასებით, ამ საშიშ მავნებელს ქიმიური საშუალებების გარეშე ვერავინ დაამარცხებს.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საჭირო პრეპარატები გადმოგვცა, ხოლო შპს „მექანიზატორი“-ს მომსახურებისათვის აჭარის სარეზერვო ფონდმა 80 000 ლარი გამოგვიყო. უფრო ადრე 250 ათასი ლარი თხილის შეწამვლაზე დაიხარჯა. იმედი გვაქვს, რომ ამგვარი ღონისძიებების წყალობით ციტრუსის მოსავალს მომავალშიც შევინარჩუნებთ“, - განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, რომელიც წელს ქართულ ბაზარზე ციტრუსების დეფიციტს გამორიცხავს.
ხათუნა ჩიგოგიძე