შტატების შემცირება გარდაუვალია და ეს შემცირება დიდწილად ადმინისტრაციულ ნაწილზე მოვა, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიუჯეტი, რომელიც ადმინისტრაციულ ხარჯებზე იყო გამოყოფილი, ერთმნიშვნელოვნად შემცირდება. მინისტრის თქმით, ჯერ მზად არ არის კონკრეტულ ციფრებზე სასაუბროდ, თუ რამდენად შემცირდება ბიუროკრატია როგორც საშტატო, ისე ფინანსური თვალსაზრისით.
„ადამიანის რაოდენობის მხრივ, ციფრებზე სასაუბროდ, ბუნებრივია, არ ვარ მზად, იმიტომ რომ ჩვენ ოპტიმალური როგორც სტრუქტურა, ისე საშტატო განრიგი უნდა ჩამოვაყალიბოთ. შენობებს რაც ეხება, პირველ ხანებში, ალბათ, მოგვიწევს ორ შენობაში გადანაწილება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ოპტიმალური და იდეალური იქნებოდა ერთ შენობაში განთავსება, ელემენტარული კომუნიკაციის, სამუშაო ატმოსფეროს შექმნისთვის“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ „რუსთავი 2“-თან კომენტარში.
შეგახსენებთ, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება.