თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა -  ტერიტორიაზე საეჭვო ნივთის არსებობა არ დადასტურდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველებმა მუშაობა დაასრულეს.

შს სამინისტროს განცხადებით, მოქალაქის  შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა და აეროპორტში არანაირი საეჭვო ნივთი არ უპოვნიათ.

თბილისის აეროპორტმა მუშაობა უკვე განაახლა. ამ წუთებში აეროპორტის ტერმინალებში  მგზავრთა შეშვება  და დაგვიანებული რეისების აღდგენა მიმდინარეობს.

ასევე, მოძრაობა აღდგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელ საავტომობილო მონაკვეთზე. მიუხედავად აეროპორტის მუშაობის განახლებისა, ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

გამოცხადებულ ევაკუაციასთან და აეროპორტის მუშაობის შეფერხებასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ აეროპორტის ადმინისტრაციაში.

როგორც შსს-ში განმარტავენ, აეროპორტში ევაკუაცია ერთ-ერთი მოქალაქის შეტყობინების საფუძველზე მოხდა, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა შინაარსის იყო აღნიშნული შეტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით კი, სამართალდამცველები აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე ბომბს ეძებდნენ.