ზურაბ მელიქიშვილი ლარის გაუფასურებას მთავრობის მხრიდან ეკონომიკისთვის საზიანო და დანაშაულებრივ ნაბიჯებს უკავშირებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენელი ზურაბ მელიქიშვილი ლარის გაუფასურებას მთავრობის მხრიდან ეკონომიკისთვის საზიანო და დანაშაულებრივ ნაბიჯებს უკავშირებს , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა“ იუწყება.

ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, მთავრობა იმის ნაცვლად, რომ კრიზისის დაძლევის გეგმაზე მუშაობდეს, დაკავებულია წარუმატებელი მინისტრების ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე დანიშვნით.

„შემცირებული ინვესტიციები, ბიზნესისთვის დამღუპველი რეგულაციები, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვა, უარყოფითი სიგნალები ინვესტორებისთვის - ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რომელიც პირდაპირ ურტყამს ეკონომიკას და აუფასურებს ეროვნულ ვალუტას. მასზე პასუხისმგებელი კი მთავრობაა.

მთავრობამ მხოლოდ კრიზისების შექმნა იცის და არა მისგან თავის დაღწევის გზები, ოპოზიციის მხრიდან შეთავაზებულ გეგმაზე კი უარს ამბობს, სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ მთავრობის ხელში პოზიტიური პერსპექტივა ლარს ნამდვილად არ აქვს“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი გახდა.