აბსოლუტურად გაუგებარია, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებელი“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ფულით რაღაც სტარტაპს აფინანსებდეს , - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და კანონპროექტიდან შესაბამისი პუნქტის ამოღების საკითხი დასვა.
“სტარტაპთან დაკავშირებით უნდა იყოს მსჯელობა არა იმ მიმართულებით, რომ რაღაც განმარტება მივიღოთ პროექტის მეორე მოსმენით განხილვისთვის, არამედ მეორე მოსმენისთვის საზოგადეობრივ მაუწყებელთან და მხარეებთან უნდა შევჯერდეთ, რომ ეს პუნქტი საერთოდ იყოს ამოღებული, ხოლო თუ არ ამოიღებენ - მხარი არ დავუჭიროთ“, - განაცხადა ლევან კობერიძემ. მან ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის არსის მკაფიოდ განსაზღვრის საჭიროებას.
კანონში დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილებით, “საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა “საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს შენიშვნების გათვალისწინების პირობით დაუჭირა მხარი.
საკანონმდებლო პაკეტის განხილვა დებატების ფონზე წარიმართა, სადაც კომიტეტის წევრებთან ერთად, “საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და კერძო ტელეკომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.