დაზუსტებული მონაცემებით, 2016 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 34 028,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7,2%-ით აღემატება.
საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,8%-ით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4,2%-ით განისაზღვრა.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი უკავია ვაჭრობისა (17,0%) და მრეწველობის (16,4%) სექტორებს. შემდეგ პოზიციებს იკავებენ: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,9%), სახელმწიფო მმართველობა (9,1 %), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,0 პროცენტი), მშენებლობა (8,5%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7%), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,1%).
საქსტატის ცნობით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სასტუმროები და რესტორნები (12,9%), მშენებლობა (10%-ი) საფინანსო საქმიანობა (9,7%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (9,5%), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,9%), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (4,9%). კლება აღინიშნა ტრანსპორტისა (-3,0%) და კავშირგაბმულობის (-3,1%) სექტორებში.