2017 წლის პირველი ექვსი თვის მონაცემებით დავინახეთ, რომ შობადობა პირველად ჩამორჩა გარდაცვალებას.
ანუ გარდაცვლილთა რაოდენობამ შობადობას გადააჭარბა, - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავამ განაცხადა. მისივე თქმით, მიზეზი არის ის, რომ 1990-იან წლებში დაბადებულ ქალთა რაოდენობა შემცირდა, შესაბამისად, მათ მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობაც კლებისკენ წავა.
„ეს პროცესი არის სწორედ იმის გამოძახილი, რომ 1990-იან წლებში შობადობამ იკლო და ის მოსახლეობა და ახალგაზრდები, რომლებიც ფერტილურ ასაკში შედიან, განსაკუთრებით ქალები, მათი რიცხვი ფაქტობრივად განახევრდა. თუ 80-იან წლებში დაიბადა დაახლოებით 450 ათასი ქალი საქართველოში, 90-იან წლებში დაბადებულ ქალთა რაოდენობა 230 ათასი იყო, ანუ განახევრდა და სწორედ ის ქალები, რომლებიც დღეს შედიან ფერტილურ ასაკში, სწორედ მათ მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა დაიწყებს კლებას“, - განაცხადა ცეკვავამ.