თბილისში მგელი დაიჭირეს

თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მგელი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს, შესაბამისი შეტყობინება მათთან გუშინ შევიდა.

„გუშინ, ღამის საათებში თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შესული შეტყობინების თანახმად, თბილისში, მაყაშვილის ქუჩაზე მოსახლეობის მიერ შემჩნეულ იქნა მგელი. სააგენტოს ოპერატიული რეაგირების ჯგუფი მალევე მივიდა შემთხვევის ადგილას და სპეციალური შპრიცსასროლი თოფის მეშვეობით მოახდინეს მგლის დაძინება ( გაბრუება ) და დაჭერა“, - განაცხადეს სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ამჟამად მგელი მუნიციპალურ თავშესაფარში იმყოფება, სადაც მას შესაბამისი კვლევები და ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარდა.

„მგელი დღესვე იქნება გაშვებული შესაბამის ბუნებრივ არეალში გარემოს დაცვის წარმომადგენლებთან ერთად“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.