საქართველო არის სანდო პარტნიორი და მნიშვნელოვანი აქტორი რეგიონის სატრანსპორტო სფეროში, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშხაბადში ავღანეთის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რეგიონალურ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, როგორც ავღანეთის, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნების განვითარებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ავღანეთსა და რეგიონის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დიდ პოტენციალს, განსაკუთრებით გამოყო ტრანსპორტის სფერო, რომელიც მისი შეფასებით სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახალ სატრანზიტო მარშრუტებში მონაწილეობას.
„საქართველო არის სანდო პარტნიორი და მნიშვნელოვანი აქტორი რეგიონის სატრანსპორტო სფეროში. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ყველა ძირითად სტრატეგიულ პროექტსა და ინიციატივაში. საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს მონაწილეობას ახალ სატრანსპორტო მარშრუტებში, მათ შორის „ლაპის ლაზული“, რომელიც ინიცირებულია ავღანეთის მთავრობის მიერ და სარგებლობს თურქმენეთის დიდი მხარდაჭერით. ეს პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მონაწილე ქვეყნების შემდგომ თანამშრომლობაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რეგიონის განვითარების მომავალი დიდ წილად არის დამოკიდებული ისეთ საერთაშორისო პროექტებზე, როგორც „ლაპის ლაზულია“, - განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, რომელმაც უკვე მოუტანა ქვეყანას აღიარება და საერთაშორისო რეიტინგებში მაღალი პოზიციები. მისი თქმით, საქართველო ვითარდება, როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანზიტო-სატრანსპორტო ჰაბი და ამ პროცესში განსაკურებული როლი აქვს ანაკლიის ღრმა წყლოვან პორტს, რომელიც ახალ შესაძლებლობების გაუხსნის ორი კონტინენტის კავშირებს.
საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა 28-29 ნოემბერს დაგეგმილ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე ახალი იდების, პროექტებისა და შესაძლებლობების კარგ პლატფორმას წარმოადგენს.
ავღანეთთან თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას, მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო განაგრძობს საკუთარი წვლილის შეტანას ავღანეთში, უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად.
მნიშვნელოვანია ავღანეთის აქტიური მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში. „რეგიონალური თანამშრომლობა არსებითია ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის, რომელიც ასე ჭირდება, როგორც ავღანეთს, ასევე მთელს რეგიონს. ეკონომიკური განვითარებისა და სტაბილურობისთვის კი საჭიროა მშვიდობა და უსაფრთხოება. საქართველო მხარს უჭერს ავღანეთსა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას, და სტაბილურობას და გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას“ - განაცხადა მინისტრმა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა 2018 წელსაც ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში - განაგრძოს მონაწილეობა.