საპარტნიორო ფონდი სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

სავალუტო ფონდის მისია საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს შეხვდა და ფონდის მუშაობას და სამომავლო გეგმებს გაეცნო.

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა რამდენიმე პროექტის განხორციელებაზე. მათ შორისაა 230 მეგავატიანი გარდაბნის პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, 210 მეგავატიანი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, შავი ზღვის სანაპიროზე ახალი საზღვაო პორტის, ლიკანის „რიქსოსის“ და ე.წ. სენდვიჩპანელების პროექტები.

„რამდენიმე მათგანი, მათ შორის ლიკანის და სენდვიჩპანელების პროექტი წელსვე დასრულდება, რაც შეეხება დანარჩენ პროექტებს, მათ განხორციელებაზე ფონდი აქტიურად მუშაობს,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფონდის 100 პროცენტს ფლობს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს.