"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბიუჯეტი თბილისელებზე მორგებული იყოს და არა მაღალჩინოსნებზე ორიენტირებული"

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, არსებულთან შედარებით, 11 მილიონი ლარით არის შემცირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში ჯერ კიდევ ნარმანიას მმართველობის ბოლო დღეებში შევიდა. “ჩვენ საკრებულოში ველოდებით ბატონ კალაძეს და გვინდა ამ ბიუჯეტთან დაკავშირებითაც დავუსვათ კითხვები, ეთანხმება თუ არა ბიუჯეტის პარამეტრებს. ჩვენ ბევრი შენიშვნა და მოსაზრება გაგვაჩნია. 25 ნოემბრამდე გვაქვს ვადა, რომ გადავუგზავნოთ მერიას არგუმენტირებული შენიშვნებითა და მოსაზრებებით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბიუჯეტი თბილისელებზე მორგებული იყოს და არა მაღალჩინოსნებზე ორიენტირებული”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

მისივე თქმით, შემდგომ მერიიდან ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში 10 დეკემბრამდე უნდა შევიდეს. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა 826 მილიონ ლარს შეადგენს.