დამწყები ბიზნესების - სტარტაპების განვითარება და ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიზნით სხვადასხვა პროექტებიც ხორციელდება.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სტარტაპერები ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის მიმართონ და როგორ მოიპოვონ დაფინანსება. კერძოდ, კომპანიის Start – Business Solutions-სა და ქართული სტარტაპების ასოციაციის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ 300 სტარტაპიდან ძალიან მცირე ნაწილია ინფორმირებული იმის შესახებ თუ ვისთან და როგორ შეიძლება ითანამშრომლონ დაფინანსების მოპოვების, პროფესიული მომსახურებებისა და სტარტაპის ხელშეწყობის სხვა სერვისების მიმართულებით.
სწორედ სტარტაპების ნაკლები ინფორმირებულობა გახდა მიზეზი, რის გამოც Start – Business Solutions-მა და სტარტაპების ასოციაციამ საქართველოში პირველი მასშტაბური გამოფენის „Start in Georgia – ყველაფერი ჩემი სტარტაპისთვის“ ჩატარება გადაწყვიტეს.
გამოფენა, რომლის სპონსორიც იურიდიული საკონსულტაციო კომპანია McGill Legal-ია, 18 ნოემბერს, „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.
ორგანიზატორების ცნობით, აღნიშნული ღონისძიების უმთავრესი მიზანი სტარტაპერებისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება, მეწარმეობის სურვილის გაზრდა და ამ სფეროს მეტი პოპულარიზაციაა.
მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. კერძოდ, ერთ სივრცეში წარმოდგენილი იქნება 35 კომპანია, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ სტარტაპით დაინტერესებულ პირებს საკუთარი პროდუქტი გააცნონ და ბიზნესის დაწყებასა და განვითარებაში დაეხმარონ. ეს კომპანიებია:
• ბიზნეს აქსელერატორები და ინკუბატორები;
• ფონდები, პროგრამები და ბანკები;
• საკონსულტაციო კომპანიები;
• ბიზნესის დაწყებისთვის ხელშემწყობი პროექტები.
ამასთან, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სესიები, სადაც 15-მდე სპიკერი სტარტაპერებისთვის ჩაატარებს სემინარებს - წარმატების მიღწევასთან, განვითარებასთან, ორგანიზაციული სტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით და ა.შ.
ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილეა სტარტაპ საინვესტიოციო ფონდი kedariventures, რომელსაც წარმატებული ინვესტიციები აქვს გაკეთებული ელექტრონული კომერციის ისეთ წამყვან პლატფორმებში, როგორებიცაა: www.hotsale.ge, www.tkt.ge, www.allwine.ge და სხვა.
ორგანიზატორების ცნობით, გამოფენას საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა თუ მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
თაია არდოტელი