საზოგადოებრივ მაუწყებელს სტარტაპების დაფინანსების ფუფუნება არა აქვს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ”მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.
”სტარტაპი მე მგონია ექსპერიმენტული, სტიმულირების მექანიზმი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ფუნქცია არ არის. როგორც წესი სტარტაპით იქმნება სარისკო პროდუქცია, რომელიც ყოველთვის მომგებიანი და მაღალხარისხიანი არ არის - მისი დანიშნულება არ არის შექმნას პროდუქცია, რომელიც ყოველთვის მომგებიანი იქნება. ამიტომაც არის, რომ ეს ყოველთვის არის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ნაწილი. სტარტაპების დაფინანსებით ჩვენ შეიძლება ყოველთვის ვერ მივიღოთ ის მაღალხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ცალსახად სჭირდება მაუწყებელს იმისთვის, რომ გახდეს ყურებადი და იყოს მაღალრეიტინგული”, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
კანონში დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილებით, “საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლებიდან, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.