კონკურენციის სააგენტო თამბაქოს ბაზარს, გარე სარეკლამო ბაზარს, სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის ფაქტებს სწავლობს

კონკურენციის სააგენტო თამბაქოს ბაზარს, გარე სარეკლამო ბაზარს, სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის ფაქტებს სწავლობს , - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადურმა კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენ ვმუშაობთ და ვაგრძელებთ თამბაქოს ბაზრის მონიტორინგს, ასევე გარე სარეკლამო ბაზრის მონიტორინგს. ასევე ვმუშაობთ სხვადასხვა კონკრეტული მიმართულებებით. ერთ-ერთი სერიოზული მიმართულება ჩვენთან არის სახელმწიფო შესყიდვები და ამ შესყიდვებში კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის ფაქტები. ასევე ძალიან ხშირად გვიწევს მუშაობა ე.წ. კონცენტრაციების ზრდაზე, როდესაც ქართული კომპანიები ცდილობენ, რომ გაძლიერდნენ, გაერთიანდნენ და იმ შემთხვევაში, თუ მათი მოცულობა გარკვეულ ნიშნულს აჭარბებს, ისინი აუცილებლად საჭიროებენ კონკურენციის სააგენტოს თანხმობას", - განაცხადა ხადურმა.

რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს 2018 წლის ბიუჯეტს, ნოდარ ხადურის განცხადებით, მომავალ წელს კონკურენციის სააგენტოს ბიუჯეტი დაახლოებით, 2 მილიონი ლარი იქნება.