დიმიტრი ქუმსიშვილი - საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა

საქართველო თავისი ბიზნესკლიმატით გამოირჩევა - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ამ მხრივ, თავისუფალი ბაზარია, სადაც ყველა მოთამაშეს აქვს შესაძლებლობა, თანასწორი უფლებებით ისარგებლოს , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“ გამოსვლისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

სამინისტროს ცნობით, გამოსვლაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ბოლოდროინდელ წარმატებებზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში, მათ შორის, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების რეიტინგში“, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის პირველად გადავიდა მე-9 ადგილზე, ხოლო ფრეზერის ინსტიტუტის „ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, საქართველო მსოფლიოში მე-5-ეა. „ეს ნიშნავს, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, შეზღუდვა არ არის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა ქვეყანაში თავისუფალი კონკურენციის ხელშეწყობის მიმართულებით.

საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს კონკურენციის სააგენტო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, კომპანია IOS Partners და საქართველოს კონკურენციის ინსტიტუტი. კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.