"საზოგადოებრივი მაუწყებლის" მონიტორინგის საბჭოს წევრებს სამეურვეო საბჭოს წევრებზე 20%-ით დაბალი ხელფასი ექნებათ

თუ მონიტორინგის საბჭოს წევრი ერთი წლის განმავლობაში ზედიზედ ორ სხდომას არ დაესწრება, მისი ხელფასი ნახევრდება, შემდეგი გაცდენის შემთხვევაში კი, ანაზღაურება არ მიეცემა.

ამას "მაუწყებლობის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, იქმნება ახალი ორგანო - მონიტორინგის საბჭო, რომელშიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წინა შემადგენლობის წარმომადგენლები შევლენ. შესაბამისად, ახლად არჩეული სამეურვეო საბჭოს ამოქმედებას მათი სამსახურიდან გათავისუფლება აღარ მოყვება და ამ ფორმით "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სისტემაში რჩებიან.

პროექტის თანახმად, მონიტორინგის საბჭოს წევრების ძირითადი უფლებამოსილება სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორისთვის რეკომენდაციების გაცემა იქნება. გარდა ამისა, მათ შეეძლებათ პარლამენტს სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნით მიმართონ.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომელმაც სამეურვეო საბჭოს ძველ შემადგენლობას უფლებამოსილება შეუნარჩუნა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ემზარ გოგუაძის, გიორგი მელაძის, მამუკა ფაჩუაშვილის, ზურაბ დავითაშვილის, დავით კანდელაკის, ნატალია დვალის საკონსტიტუციო სარჩელი დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის დებულება, რომლის მიხედვით, ახალი საბჭოს არჩევისთანავე მოქმედ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ.