ირაკლი კოვზანაძე - 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თითქმის 200 მილიონით გაიზრდება

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თითქმის 200 მილიონით გაიზრდება, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ "ქართული ოცნების" ოფისთან განაცხადა, სადაც შეხვედრა გაიმართა.

"ჩვენ გვქონდა შეხვედრა საბიუჯეტო თემებთან დაკავშირებით. გველოდება ორი საბიუჯეტო პროცესი - იქნება ახალი ცვლილებები 2018 წლის ბიუჯეტში, რომელსაც მესამე მოსმენით შემოიტანს მთავრობა და ასევე სიახლეა იმ თვალსაზრისით, რომ ცვლილებები იქნება 2017 წლის ბიუჯეტში. ეს არის დამატებითი საგადასახადო შემოსავლები და პრაქტიკულად, თითქმის 200 მილიონით გაიზრდება 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. ამიტომ პარლამენტში იქნება ორი საბიუჯეტო პროცესი, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის შემდეგ დაიწყება. ორი პროცესი იქნება - ერთი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც დეკემბრის დასასრულს უნდა დავამტკიცოთ და ასევე 2017 წელთან დაკავშირებით იყო საუბარი", - განაცხადა კოვზანაძემ.