H&M-ის მაღაზია თბილისში დღეს  გაიხსნება

საერთაშორისო შვედური ბრენდი H&M-ი (Hennes & Mauritz AB) საქართველოში პირველ მაღაზიას დღეს გახსნის. რუსთაველის გამზირის N2/4-ში მდებარე „გალერია თბილისში“, ბრენდი სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელი ტანსაცმელს ხელმისაწვდომ ფასად შეიძენს. „ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით. მოუთმენლად ველით 18 ნოემბერს – იმ წუთებს, როცა ქართველი მომხმარებლები „გალერია თბილისის“ კარებს გახსნიან და H&M-ის სამყაროში შეაბიჯებენ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მრავალფეროვანი და შთამაგონებელი პროდუქცია, რომელიც სტუმრებს პერსონალური სტილის შექმნაში დაეხმარება, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს“, – განაცხადა H&M-ის რეგიონალური მენეჯერმა ავსტრიაში, ხორვატიაში, სერბეთში, სლოვენიასა და საქართველოში კლაუდია ოსვალდიმ.

18 ნოემბერს, მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, ყველა სტუმარს შეეძლება, რომ ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე. ისინი კი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, შესაბამისად, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ. მომდევნო 1000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.