თბილისის საკრებულომ მერის მოადგილეები, გამგებლები და საქალაქო სამსახურების უფროსები დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერის მოადგილეები დაამტკიცა. ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე იქნება, ხოლო დანარჩენი მოადგილეების პოსტზე მაია ბითაძე, გიგა ნიკოლეიშვილი და ირაკლი ბენდელიანი დაამტკიცეს.

რაც შეეხება კახა კალაძის კიდევ ერთ მოადგილეს, ილია ელოშვილს, ის გუნდს მას შემდეგ შეუერთდება, რაც ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის სამინისტროს შეუერთდება.

ასევე, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის გამგებლობის კანდიდატებს კენჭი ცალ-ცალკე უყარა და ერთხმად დაამტკიცა.

საბურთალოს რაიონს უხელმძღვანელებს გაიოზ ვასაძე, მთაწმინდის რაიონს - დავით კირკიტაძე, კრწანისის რაიონს - ლევან ჯაფარიძე, ვაკის რაიონს- ნოდარ ტურძელაძე, დიდუბის რაიონს - ირმა ზავრადაშვილი, ჩუღურეთის რაიონს - ზურაბ ჩიკვილაძე, გლდანის რაიონს - ბექა მიქაუტაძე, ნაძალადევის რაიონს - ირაკლი ხელაძე, ისნის რაიონს - კახა ლაბუჩიძე, სამგორის რაიონს - დავით კერესელიძე.

თბილისის საკრებულომ მერიის საქალაქო სამსახურების კანდიდატებსაც უყარა კენჭი და მხარი დაუჭირა. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს - გივი კუბლაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებას - გელა ჩივიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურს - გიორგი ბაგრატიონი, განათლებისა და სპორტის სამსახურს - ირაკლი გვილავა, საფინანსო სამსახურს - გაიოზ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება სხვა სამსახურებს, იურიდიული სამსახურს სერგო ბირკაძე უხელმძღვანელებს, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს - გიგა გიგაშვილი, შესყიდვების სამსახურს - გიორგი პაპავა, უსაფრთხოების სამსახურს - ნიკოლოზ ჭონქაძე, ეკონომიკურ სამსახურს ანდრია ბასილაია და კულტურის სამსახურს სოფიო ხუნწარია უხელმძღვანელებს. მერიის ადმინიტრაციას ვლადიმერ ჭიღლაძე ჩაიბარებს, რომელიც მანამდე ამავე ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო.

საკრებულოს ოპოზიციამ მერის მოადგილეების, გამგებლებისა და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირა. ”ნაციონალურმა მოძრაობამ” დარბაზი პროტესტის ნიშნად კენჭისყრამდე დატოვა. სხდომაზე არ იმყოფებოდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრებიც.