„თანაინვესტირების ფონდმა“ და „ჰანიველ პარტნერსმა“ ჰაიდელბერგცემენტ საქართველოს საკონტროლო წილის 50% იყიდეს

„ჰაიდელბერგცემენტ ჯგუფის“ საქართველოში მოქმედი ბიზნესის საკონტროლო წილის 50% საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და „ჰანიველ პარტნერსმა“ ერთობლივად შეიძინეს.

ინფორმაციას ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდი ავრცელებს.

თანამშრომლობის ფარგლებში დასრულდება კასპის ქარხნის ტექნოლოგიური მოდერნიზაციის პროექტი, ასევე დაგეგმილია ბეტონის წარმოების გაფართოება და 2 ახალი აგრეგატის ქარხნის მშენებლობა, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ფონდის ცნობით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად საგრძნობლად გაიზრდება ქართული წარმოების ცემენტის კონკურენტუნარიანობა, ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს ქართული სამშენებლო ბაზრის განვითარებას, რაც მნიშნველოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.

“ეს პარტნიორობა ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ ქართველმა და უცხოელმა ინვესტორებმა. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მინდა მადლობა გადავუხადო პარტნიორებს და ვუსურვო წარმატებები. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ინდუსტრიული პოტენციალის ამაღლებისთვის”, - განაცხადა თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა.

აღნიშნული საინვესტიციო გეგმის განხორციელება გამიზნულია მომდევნო 5 წლის განმავლობაში და მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელსაც პარტნიორები პროპორციულად დააფინანსებენ „ჰაიდელბერგცემენტის“ ქართული აქტივები სამ ცემენტის ინტეგრირებულ ქარხანას, 13 ბეტონის, 2 ინერტული მასალების აგრეგატის, 1 ცემენტის ტერმინალისა და 1 ცემენტის საფქვავ ქარხანას მოიცავს.

„ჰანიველ პარტნერსი“ კერძო კაპიტალისა და აქტივების მართვის საერთაშორისო კომპანიაა. საქართველოში „ჰანიველი“ ფლობს წილს რამდენიმე მსხვილ კომპანიაში, მათ შორის: „ლიბერთი ბანკში“, „მაგთიკომში“, „ბორჯომში“, ტელეკომპანია „იმედისა“ და რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში.