აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ მექსიკასთან საზღვარზე კედელი უნდა აშენდეს.
აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც პატრულირებისას სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი როხელიო მარტინესი დაიღუპა.
„სასაზღვრო სამსახურის ოფიცერი სამხრეთ საზღვარზე დაიღუპა. კიდევ ერთი დაჭრილია. ჩვენ მოვძებნით დამნაშავეებს და სამართლიანობას მივაღწევთ. კედელი უნდა ავაშენოთ და მას ავაშენებთ კიდევ“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის სამსახურის ინფორმაციით, როხელიო მარტინესი ვან ჰორნის დასახლებულ პუნქტთან (ტექსასის შტატი) მახლობლად პატრულირებისას დაიღუპა. აღნიშნულ ადგილას ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის დეტალები არ გასაჯაროებულა. მეორე მესაზღვრეს მდგომარეობა კი მძიმეა.
მექსიკის საზღვართან კედელის აშენება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამა წლის 25 იანვარს მან კედლის აშენებაზე განკარგულებას მოაწერა ხელი.