თბილისის მთავრობა ფინანსთა სამინისტროს დედაქალაქის ბიუჯეტის გაზრდას სთხოვს.
როგორც ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ხმალაძე იმედოვნებს, რომ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების განსახორციელებლად თბილისის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მისივე თქმით, დაგეგმილია, რომ თბილისის ბიუჯეტის არსებულ პროექტს საკრებულოდან გამოითხოვენ და მის ხარჯვით ნაწილში რამდენიმე ცვლილება განხორციელდება.
"რამდენიმე საგზაო და სატრანსპორტო პროექტის ასახვა მოხდება 2018 წლის ბიუჯეტში. ძირითადად, ის პროექტები, რომელსაც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობას დავპირდით. არსებითი ცვლილება იქნება ბიუჯეტის. ჩვენ საშემოსავლო ნაწილში შენიშვნები არ გვაქვს, სწორად იყო დაგეგმილი, თუმცა ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვან ცვლილებებს შევიტანთ. გრძელდება კონსულტაციები ფინანსთა სამინისტროსთან კახა კალაძის მხრიდან, რომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი გაუზარდოს, რათა ყველა ის პროექტი განვახორციელოთ, რომელსაც მოსახლეობას დავპირდით.
ჩვენ ველოდებით, რომ საბიუჯეტო ტრანსფერი, საბიუჯეტო დაფინანსება გაიზრდება და ეს თანხა საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტებს მოხმარდება,"- განაცხადა ხმალაძემ.
თბილისის ბიუჯეტი ამ ეტაპზე 815 მლნ ლარით განისაზღვრება.