თუ ვინმეს გჯერათ, რომ 200 მლნ აქვს სარესტორნო ხარჯებში ჩადებული ბატონ დავით ნარმანიას, ძალიან ცდებით , - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს ხარჯების ოპტიმიზაციის საკითხზე საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია "ევროპული საქართველო - თბილისის" თავმჯდომარის, გოკა გაბაშვილის შეთავაზებაზე კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას მერია ისედაც გეგმავს.
„თუ ვინმეს გჯერათ, რომ 200 მლნ აქვს სარესტორნო ხარჯებში ჩადებული ბატონ დავით ნარმანიას, ძალიან ცდებით. ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას ჩვენც ვაპირებთ. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოვაცხადეთ სტრუქტურული რეფორმა, რომელიც დაიწყება. თბილისის მუნიციპალიტეტში დაინერგება მმართველობის ეფექტური სისტემა და ამას მოხმარდება იმდენი რესურსი, რამდენიც საჭიროა",- განაცხადა ხმალაძემ.
რაც შეეხება სტრუქტული რეფორმის დეტალებს, ხმალაძეს დღეს ამაზე არ უსაუბრია. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ ოპტიმიზაცია იგეგმება.
"ახლა ვერაფერს დაგიზუსტებთ. ოპტიმიზაცია იგეგმება. ჩვენ მომდევნო 3 თვის განმავლობაში, კანონის თანახმად, უნდა დავასრულოთ ოპტიმიზაცია, სტრუქტურული რეფორმა. დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი, თუ როგორი ფუნქციური ცვლილებები იქნება შეტანილი მერიას დაქვემდებარებულ სტრუქტურებში. ვერაფერს დაგიდასტურებთ და ვერაფერს გამოვრიცხავ. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რა დროსაც ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რა არის ოპტიმალური სტრუქტურა თბილისის მუნიციპალიტეტის და რა საკადრო რესურსი სჭირდება. არ გამოვრიცხავ და ველოდებით, მნიშვნელივან საკადრო ცვლილებებს",- განაცხადა ხმალაძემ.
საკრებულოს ფრაქცია “ევროპული საქართველო - თბილისი“ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს მიმართავს გადახედოს 2018 წლის ბიუჯეტს. როგორც პარტიის წევრმა გოკა გაბაშვილმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “ევროპული საქართველო” მერიას სთავაზობს 4-პუნქტიან გეგმას, რომლის თანახმადაც თბილისის ბიუჯეტი დაკორექტირდება და ის მიმართული იქნება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.