ერთი მილიონით მეტი იქნება თუ ნაკლები, ეს საკითხს არ წყვეტს, მნიშვნელოვანია, იყოს ეფექტურად მოქმედი სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთეს ეკონომიას, უკეთეს ჰაერს და წყალს , - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე არსებობს მონახაზი, თუმცა, თუ როგორი იქნება საბოლოოდ დასრულებული რეფორმა და რა თანხები დაიზოგება, ამის შესახებ საჯაროდ გახდება ცნობილი. გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ გარდა ფინანსური ოპტიმიზაციისა, მნიშვნელოვანია თანამედროვე გარემოზე ორიენტირებული სტრუქტურის შექმნა.
„სამინისტროების გაერთიანება და შერწყმა, რა თქმა უნდა, მოიტანს ფინანსურ ოპტიმიზაციას, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია უკეთესი, თანამედროვე გარემოზე ორიენტირებული სტრუქტურა, რომელიც მეტად იქნება ადაპტირებული ევროპულ ფასეულობებზე. უმჯობესდება მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა, გაუმჯობესდება ადამიანთა ის ჯგუფი, რომელიც კვალიფიციურად შეძლებს სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრას. იქნება, ბუნებრივია, ფინანსური შედეგიც, რომელსაც ვნახავთ, თუმცა, ეს იქნება მრავალწლიანი მომავალის პერსპექტივაში, როდესაც გამართული ეფექტური სტრუქტურა სწორ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად ვმუშაობთ, რათა შევინარჩუნოთ ის გარემოსდაცვითი ღონისძიებები, რომელიც საჭიროა სოფლის მეურნეობისათვის და რომელიც გააუმჯობესებს სტრუქტურას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.