„ბიზნეს ინსაიდერი“ - საქართველოში საბანკო ანგარიშის გახსნა საოცრად მარტივია

გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერი“ საქართველოში ბიზნესის დაწყებისა და საბანკო ანგარიშის გახსნის სიმარტივეზე წერს.

როგორც სტატიის ავტორი საიმონ ბლეკი წერს, ეს მისთვის ყველაზე ადვილი გამოცდილება იყო, რაც ოდესმე ჰქონია საზღვარგარეთ საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მხოლოდ 20 წუთი დასჭირდა საქართველოში საბანკო ანგარიშის გასახსნელად.

„1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირისგან. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური რეჟიმი დაეცა, პარტიის ყოფილი წევრები მაინც მართავდნენ ქვეყანას. საქართველოს ეკონომიკა სტაგნაციაში იყო. მშპ მცირდებოდა. პოსტსაბჭოთა ეპოქამ ხალხს მოუსპო იმედები უკეთეს მომავალზე. ნებისმიერს, ვისაც შეეძლო ქვეყნის დატოვება, ტოვებდა მას. 2002 წლის აღწერამ აჩვენა, რომ ქვეყნის მოსახლეობა 1989 წლიდან 20% შემცირდა. საქართველოს ძალიან სჭირდებოდა ენერგიული ლიდერი, რომელიც კორუფციას შეეწინააღმდეგებოდა და ექნებოდა საბაზრო ხედვები. საქართველოსთვის საბედნიეროდ ასეთი ადამიანი რამდენიმე წელიწადში აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მან გააუქმა ბიუროკრატია, ექსპორტისა და იმპორტის ტარიფები, ინვესტიციები ჩადო ინფრასტრუქტურაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ძალისხმევამ შედეგები გამოიღო“, - ნათქვამია სტატიაში.

როგორც ავტორი წერს, დღეს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა, რომელიც ბიზნესის კეთების რეიტინგებში მაღალ პოზიციებს იკავებს და ქართველები ამაყობენ ამით.

„ბიზნესის ამგვარი გარემო ნიშნავს უცხოური კაპიტალის მოზიდვას. საქართველო ასევე პოპულარული მიმართულებაა ტურისტებს შორის. 90-დღიანი ყოფნის ნაცვლად, რაც ბევრ ქვეყანაშია, საქართველო ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის 1-წლიან საშუალებას გაძლევთ. თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ, ისწავლოთ ან ინვესტიციები ჩადოთ. მსოფლიოში არც ერთმა სხვა ქვეყანამ ასეთ პროგრესს ვერ მიაღწია კორუფციისა და ბიუროკრატიის აღმოფხვრაში. ბიუროკრატიის არქონა ასევე ეხება საბანკო ანგარიშის გახსნას. თუ სხვა ქვეყნებში უცხოელისთვის საბანკო ანგარიშის გახსნა პრობლემაა, საქართველოში ეს ასე არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ცნობილი საერთაშორისო ბანკები არ არის, ჩვენმა გამოცდილებამ TBC ბანკთან გვიჩვენა, რომ ის საუკეთესო ქართული ბანკია უცხოელებისთვის. რაც შეეხება ანგარიშის გახსნის პროცესს, მე მხოლოდ დამჭირდა ჩემი პასპორტის ჩვენება. არ მომიწია ფულის გათეთრების წინააღმდეგ საბუთების შევსება, არც მისამართის დამტკიცება და ასე შემდეგ. ეს იყო ძალიან მარტივი პროცედურა. ჩემთვის ეს ახალი ჩასუნთქვა იყო მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მასშტაბით ამდენ ბიუროკრატიას შევხვდი. ჰონგ-კონგსა და სინგაპურში რამდენიმე წლის წინ საბანკო ანგარიშის გახსნა იოლი იყო, თუმცა ახლა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ეს პროცესი გამკაცრდა. ანგარიშის გახსნისას მინიმალური თანხის ჩადება 11 ლარის მომიწია. საქართველოში ასევე შეგიძლია გქონდეთ ანონიმური საკრედიტო ბარათი, თუმცა მისი გამოყენება მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი“, - წერს საიმონ ბლეკი.