ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 14 ნოემბრის ბრძანებით სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური მომზადების სასწავლო პროგრამები დაამტკიცა.
სპეციალურ სწავლებას დაექვემდებარება მძღოლთა ის კონტინგენტი, რომელთაც შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა აქვთ და ახორციელებენ ან აპირებენ განახორციელონ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვა.
ბრძანების მიხედვით, იქნება მომზადების საბაზო კურსი, ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი და პირველი კლასის (ფეთქებადი ნივთიერებები და ნაკეთობები) ნივთიერებათა და ნაკეთობათა გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, მომზადების საბაზო კურსი უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე: სახიფათო ტვირთების გადაზიდვის მარეგულირებელ საერთო მოთხოვნებს; საშიშროების ძირითად სახეებს; გარემოს დაცვის შესახებ ინფორმაციას ნარჩენების გადაზიდვაზე კონტროლის განხორციელებისას; პრევენციულ ზომებსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ზომებს საშიშროების სხვადასხვა სახეების დროს; ავარიის შემთხვევაში მისაღებ ზომებს (სასწრაფო დახმარების გაწევა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დამცავი აღჭურვილობის გამოყენების საფუძვლები, წერილობითი ინსტრუქციები და ა.შ.); მარკირებას, საშიშროების ნიშნებს, საინფორმაციო ტაბლოსა და ნარინჯისფერ ტაბლოებს; მძღოლის ვალდებულებებსა და აკრძალვებს სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას; სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული ტექნიკური აღჭურვილობის დანიშნულებასა და ექსპლუატაციის წესებს; ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე ან კონტეინერში შერეული დატვირთვის აკრძალვას; სიფრთხილის ზომებს სახიფათო ტვირთების დატვირთვისა და გადმოტვირთვის დროს; სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, მულტიმოდალური გადაზიდვების შესახებ საერთო ინფორმაციას; შეფუთვების დამუშავებასა და დაწყობას; გვირაბებში გავლის შეზღუდვასა და გვირაბებში ქცევის ინსტრუქციებს (შემთხვევების თავიდან აცილება, უსაფრთხოება, ქმედებები ხანძრის ან სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში); უსაფრთხოების ზომების ცოდნასა და გაგებას.
ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზებული კურსი უნდა ითვალისწინებდეს: სატრანსპორტო საშუალებების ქცევას მოძრაობის დროს, მათ შორის ტვირთის გადაადგილებისას; სპეციალურ მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალებების მიმართ; ზოგად თეორიულ ცოდნას შევსებისა და გადმოტვირთვის სხვადასხვა სისტემების სფეროში და სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების მარეგულირებელ სპეციალურ დამატებით დებულებებს (დაშვების მოწმობები, დაშვების დამადასტურებელი მარკირება, საინფორმაციო ტაბლო და ნარინჯისფერი ტაბლოები და ა.შ.).
რაც შეეხება სახიფათო ტვირთის 1-ლი კლასის - ფეთქებადი ნივთიერებებისა და ნაკეთობების გადაზიდვას, ამ შემთხვევაში სწავლება უნდა მოიცავდეს: ფეთქებად და პიროტექნიკურ ნივთიერებათა და ნაკეთობათა დამახასიათებელი საშიშროების სახეებს და სპეციალურ მოთხოვნებს პირველი კლასის ნივთიერებათა და ნაკეთობათა ერთობლივი გადაზიდვის მიმართ.
ბრძანების თანახმად, თეორიულ მომზადებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური პრაქტიკული მეცადინეობა უნდა ჩატარდეს და უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, სასწრაფო დახმარების გაწევას, ხანძრის ჩაქრობას და შემთხვევის ან ავარიის შემთხვევაში მისაღებ ზომებს.
სწავლების ხანგრძლივობა მომზადების საბაზო კურსის შემთხვევაში 18 მეცადინეობა, ცისტერნებით გადაზიდვის შემთხვევაში - 12 მეცადინეობა, ხოლო ფეთქებად ნივთიერებათა და ნაკეთობათა შემთხვევაში - 8 მეცადინეობა უნდა იყოს. ერთი მეცადინეობის ხანგრძლივობა კი შეადგენს 45 წუთს.
„პრაქტიკული მეცადინეობების ჩათვლით საბაზო მომზადების დასრულების შემდეგ საბაზო კურსის გამოცდები ტარდება. გამოცდის მიმდინარეობისას კანდიდატმა უნდა აჩვენოს ცოდნა, გაგება და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, რომელსაც უნდა ფლობდეს სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, როგორც ეს გათვალისწინებულია მომზადების საბაზო კურსით. გამოცდა ტარდება წერილობითი გამოცდის სახით, ან კომბინირებული წერილობითი და ზეპირი გამოცდის სახით. ყოველ კანდიდატს ეძლევა არანაკლებ 25 წერილობითი საკითხი მომზადების საბაზო კურსის მიხედვით. თუ გამოცდა ტარდება გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, ეძლევა არანაკლებ 15 წერილობითი საკითხი. აღნიშნული გამოცდები მიმდინარეობს სულ მცირე 45 და 30 წუთი. საკითხები შეიძლება გამოირჩეოდეს სირთულის ხარისხით და ჰქონდეს არათანაბარი ხასიათი შედეგების შეფასებისას. მომზადების სპეციალიზებული კურსის ყველა გამოცდაზე მოცემულია არანაკლებ 15 წერილობითი საკითხი. თუ გამოცდა ტარდება გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, იქნება მოცემული არანაკლებ 10 წერილობითი საკითხი. აღნიშნული გამოცდები მიმდინარეობს სულ მცირე 30 და 20 წუთი", - ნათქვამია ბრძანებაში.