სატელეკომუნიკაციო ბაზარზე რომ სრული ქაოსი და განუკითხაობაა, ამაზე "ბანკები და ფინანსებში" არაერთი პუბლიკაცია გამოქვეყნებულა.
არაერთხელ ითქვა და დაიწერა, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან საჭიროა გარდამტეხი ნაბიჯების გადადგმა, რათა ბაზარზე მოქმედი მსხვილი ოპერატორების თავაშვებულ ქმედებას წერტილი დაესვას. სხვა შემთხვევაში, ბაზარზე ისედაც არარსებული კონკურენცია სრულად გაქრება, ვინაიდან მსხვილი კომპანიები კონკურენტებს ან თავად ყიდულობენ და იერთებენ კონკურენტებს, ან თავისუფლად ოპერირების საშუალებას არ აძლევენ და ხელს უწყობენ ბაზრიდან მათ გაქრობას.
ჯერ იყო და "კავკასუს ონლაინის" მიერ საცალო ქსელის მიერთების შემდეგ, "მაგთიკომმა" ერთმანეთის მიყოლებით შეიძინა მცირე ინტერნეტპროვაიდერებიც - "დელტაკომი", "დელტანეტი", "ანეტი" და G-NETI - ანუ, ფაქტობრივად, უმსხვილესი კომპანია გახდა, შედეგად, დღეს სახეზე გვაქვს რეალობა, როდესაც ინტერნეტბაზარზე ორი კომპანია "სილქნეტი" და "მაგთიკომი" ბაზრის 77%-ს აკონტროლებენ. დანარჩენი წვრილი ინტერნეტპროვაიდერებიც მხოლოდ რამდენიმე რეგიონში თუ ახერხებენ ოპერირებას და იქაც მსხვილი კომპანიები ხელს უშლიან თავისუფლად მოქმედებაში. ამის ნათელი მაგალითია დასავლეთ საქართველოში არსებული სიტუაცია, სადაც მცირე ინტერნეტპროვაიდერებს სურთ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ინტერნეტის გაყვანა მოსახლეობისთვის, ამისათვის მათ სჭირდებათ ბოძები, რომლებიც "ენერგო პრო ჯორჯიას" საკუთრებაშია. "ენერგო პრო" კი აცხადებს, რომ ბოძების გამოყენების უფლება ექსკლუზიურად "მაგთიკომის" მფლობელობაში მყოფ "დელტაკომს" გადასცა.
შესაბამისად, მცირე პროვაიდერები ვერ ახერხებენ ბოძებით სარგებლობას და მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიწოდებას. მათთვის ერთადერთი გამოსავალია ალტერნატიული ბოძების დამონტაჟება და ამის მეშვეობით ინტერნეტის მიწოდება, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული ვითარების გამო წვრილმა ოპერატორებმა სარჩელით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასაც მიმართეს, თუმცა კომისიამ სარჩელი არ მიიღო და საკითხის შესწავლაზე უარი განაცხადა.
რაც შეეხება სატელევიზიო ბაზარს – სადაც ასევე ორი კომპანია "მაგთიკომი" და "სილქნეტი" აკონტროლებენ ბაზარს და მათ მხოლოდ ორი ძირითადი კონკურენტი ჰყავდათ, თუ შეიძლება მათაც კონკურენტი ეწოდოთ, ვინაიდან "სუპერ ტვ" და "გლობალ ტვ" ბაზრის მხოლოდ 16% აკონტროლებენ, ხოლო დარჩენილი 84% - "სილქნეტის" და "მაგთიკომის" ხელშია. მიუხედავად ამისა, "მაგთიკომის" მსგავსად, "სილქნეტმაც" გადაწყვიტა კონკურენტის ხელში ჩაგდება და უახლოეს პერიოდში "სილქნეტი" "გლობალ ტვ"-ს შეიძენს. ამ ყველაფერს, ბუნებრივია, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამაც არ შეუშალა ხელი და "სილქნეტს" "გლობალ ტვ"-ს (გლობალ კონტაქტ კონსალტინგი") შეძენაზე წინსწარი თანხმობა მისცა.
საქმის წარმოების შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ "სილქნეტის" მიერ აქტივების შეძენის შემთხვევაში, ტრანზაქცია ვერ მოახდენს რაიმე გავლენას ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე და იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს თავსებადად ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან.
"შეძენას დაქვემდებარებულ საოპერაციო აქტივებს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიები N F N36 და N F54, ანტენები, ანტენის თავაკები, სპლიტერები, კონექტორები, კოაქსიალური კაბელები წარმოადგენს", - აცხადებენ მარეგულირებელ უწყებაში.
კომპანიების თხოვნის საფუძველზე, გადაწყვეტილება ძალაში კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე შევიდა. ანუ, ბაზარზე მხოლოდ სამი კომპანია დარჩება და მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში "სუპერ ტვ"-იც მიიერთოს "მაგთიკომმა" ან "სილქნეტმა" და ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიურ მდგომარეობას კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი. ვინაიდან, ძნელად წარმოსადგენია "სუპერ ტვ"-მ მოახერხოს კონკურენცია და სავარაუდოდ ისიც დანებდება "ბაზრის ლიდერებს".
როგორც ვხედავთ, როგორც ინტერნეტ, ასევე სატელევიზიო ბაზარზე მხოლოდ ორი კომპანია "სილქნეტი" და "მაგთიკომი" რჩება და კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნებენ ოლიგოპოლიურ მდგომარეობას. კვლავ გაგრძელდება სიტუაცია, როდესაც ორი კომპანია ფაქტობრივად, შეთანხმებულად ოპერირებს და ფასების შემცირების ნაცვლად პერიოდულად ზრდის ხოლმე მას. რაც ყველაზე ცუდია, ამ სიტუაციას არ ეწინააღმდეგება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, არ ცდილობს ბაზარზე რეალური კონკურენციის შექმნას და, ფაქტობრივად, არ ზრუნავს მოსახლეობაზე, რომელიც საკმაოდ რთულ სიტუაციაშია და მიუხედავად არაერთი პროტესტისა, ვერანაირ რეალურ შედეგს ვერ აღწევს. საქართველო კი იმ იშვიათი ქვეყნების კატეგორიაში რჩება, სადაც ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ არ ხდება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ტარიფების შემცირება და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.
შედარებით უკეთესი სიტუაციაა ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე, სადაც "ბილაინი", "ჯეოსელი" და "მაგთიკომი" მეტ-ნაკლებად ცდილობენ კონკურენტული გარემოს შექმნას. თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლია "სილქნეტმა" "ჯეოსელი" შეიძინოს და თუკი ინფორმაცია გამართლდა, ამ გარიგების განხორციელების შემთხვევაში ნამდვილად ცუდი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. მივიღებთ სრულ ოლიგოპოლიეს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე და "სილქნეტის" და "მაგთიკომის" თავაშვებული ქმედების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს, მაღლა ტარიფებს ბაზარზე და კონკურენციის გაქრობას. კონკურენციისას, რომელიც ისედაც დღესდღეობით ყველაზე მეტად აკლია და სჭირდება სატელეკომუნიკაციო ბაზარს.
გიორგი კაპანაძე
გაზეთი "ბანკები და ფინანსები"