Prowein Shanghai 2017-ზე 30 ქართული ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 30 ქართული ღვინის კომპანია ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულ მასშტაბურ გამოფენაზე - Prowein Shanghai 2017-ზე იყო წარმოდგენილი.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, ქართული ღვინის კომპანიები უკვე მეორედ მონაწილეობდნენ Prowein Shanghai 2017-ში, რომელსაც ტრადიციულად 100 ათასზე მეტი ვიზიტორი, მათ შორის, დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი ესწრება.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდა ქართული ღვინის სპეციალიზირებული დეგუსტაცია-სემინარები, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა.

შანხაიში გამართულ ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრო, რომლის განცხადებით, ჩინეთი რჩება ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრად.

„ქართული ღვინისადმი ჩინელი მომხმარებლის მხრიდან ინტერესი კვლავ მაღალია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა მეცნიერული კვლევა, რომ ღვინოს საქართველოში 8 ათასი წლის წინ აწარმოებდნენ. თავად ამ ფაქტმა და იმ რეზონანსმა, რაც მეცნიერული დასკვნის გამოქვეყნებას მსოფლიო პრესაში მოჰყვა, ძალიან დიდი გავლენა იქონია ქართული ღვინისადმი ინტერესის გაზრდაში - ძალიან ბევრი დაინტერესებული ადამიანი მოვიდა გამოფენაზე, რათა უფრო ახლოს გაეცნო და დაეგემოვნებინა ქართული ღვინო“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები - „მოსმიერი“, „მეღვინეობა ხარება“, „ბესინი“, „ტიფლისკი ვინნი პოგრებ“, „თბილღვინო“, „ჯიველი“, GWS, „შატო მუხრანი“, „წინანდალი - XXI საუკუნის საუკეთესო ღვინოები“, „ქიმერიონი“, „მარანი“, „ვაზიანი კომპანი“, „ვაზისუბნის მამული“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „ყვარლის სარდაფი“, „ფალავანი“, KTW, Heritage Wines Georgia, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, შპს „ალავერდი“, „გიუაანი“, „თელიანი ველი“, „ქართული ღვინის სახლი“, „ჩიგოგიძე ვაინს“, „კახური ღვინის მარანი“, „მეღვინეობა დანიელი“, „შილდა“, „ვაინმენი“ და „იკანო“.

უწყების ინფორმაციით, ჩინეთი რჩება ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიულ ბაზრად - მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6,1 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 41%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. ჩინეთი, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში, უკრაინასთან ერთად, მეორე-მესამე ადგილს ინაწილებს.