"შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით სამუშაოები მიმდინარეობს, ვიცით, მისი მნიშვნელობა, ეს პირდაპირ კავშირშია საცობებისგან გათავისუფლებასთან"

ყველა ასპექტში მიდის შემოვლითი სარკინიგზო ხაზის გადატანის საკითხის დამუშავება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”შუადღის სტუდიის” ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია და მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს.

”თბილისის შემოვლით რკინიგზასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის დღევანდელი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რადგან ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება ჩვენი დედაქალაქისთვის. ეს პირდაპირ კავშირში იქნება დედაქალაქის საცობებისგან გათავისუფლებასთან, რადგან თავად ის მონაკვეთები, სადაც სარკინიგზო გზა გადის და სადაც გადატანის შემდგომ ჩავა თუნდაც მიწის ქვეშ, ამ მონაკვეთებზე თავისუფლად იქნება შესაძლებელი გზის დაგება. პროექტი ძალიან ძვირადღირებულია. ყველანაირ ასპექტში მიდის ამ საკითხის დამუშავება. რამდენიმე ხანი არის პროექტისთვის საჭირო”, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა და დასძინა, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქალაქს ორი სადგური ექნება, დიდუბის და ორთაჭალის.

მისივე თქმით, იდეის დონეზე არსებობს, რომ რკინიგზისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე საავტომობილო გზები და ხიდები გაკეთდეს.

”ამ მიმართულებით მიდის მუშაობა, რომ გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე გაკეთდეს ისევ საავტომობილო გზები და დამაკავშირებელი ხიდები. დღესაც ვიცით როგორი დისკომფორტი არსებობს ქალაქის მასშტაბით, რადგან გვერდიგვერდ არსებულ უბნებს შორის გადის რკინიგზა და გვიწევს ძალიან დიდი მარშრუტის გავლა ერთი წერტილიდან მეორემდე მისასვლელად. ამ კუთხითაც მგონია, რომ პროექტი ეფექტური იქნება. ეს ყველაფერი განხილვის პროცესშია და საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის”, - აღნიშნა მერის მოადგილემ.