დედაქალაქის შუაგულში ელიავას ბაზრობა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღესაა, არ უნდა არსებობდეს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ”რადიო პალიტრის” გადაცემა ”შუადღის სტუდიაში” განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის მერია გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავს ელიავას ბაზრობის საკითხის გადაწყვეტას. როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, კერძო მესაკუთრეებს აუცილებლად უნდა შესთავაზონ ალტერნატიული ფართები.
”ელიავას ბაზრობაზე არსებობს კერძო საკუთრებები. არც დედაქალაქის მერს და ჩვენი მთავრობის არც ერთ წევრს იმის უფლებამოსილება არ აქვს, რომ მივიდეს და ერთი ხელის მოსმით ამ კერძო საკუთრების ხელყოფა მოახდინოს. უფლებამონაცვლე ადგილმდებარეობის გამოყოფის საკითხი იქნება შესასწავლი და ეს არ არის მარტივად გადასაწყვეტი საკითხი. მაგრამ არც ისეა, რომ ხელი ჩავიქნიოთ და ვთქვათ, გამოუვალი პროექტია. დედაქალაქის შუაგულში ამ ფორმით, რა ფორმითაც ელიავას ბაზრობა მდებარეობს, არ უნდა არსებობდეს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა და სწორედ ამის შემდეგ შეიძლება დაგეგმვა. ჩვენ ძალიან გვინდა გრძელვადიან პერსპექტივაში გადავწყვიტოთ ეს საკითხი. აუცილებლად უნდა მოხდეს ალტერნატიული ფართების შეთავაზება. სწორედ ამის შემდეგ შეიძლება იმის თქმა, კერძო მესაკუთრეები დაგვეთანხმებიან თუ არა და ამ ბაზრობის გადატანა იქნება თუ არა შესაძლებელი”, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.