"ლილოს ნაგავსაყრელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ის პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრებლებისთვის"

ლილოს ნაგავსაყრელი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „თბილსერვის ჯგუფში“ ტექნიკის დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

კალაძის ინფორმაციით, ნაგავსაყრელი საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

„ლილოს ნაგავსაყრელი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ის პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, ჩვენ გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, თუ რას აპირებს დედაქალაქის მერია ლილოს ნაგავსაყრელთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ მომდევნო წლის განმავლობაში ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება.

„არის კონკრეტულად გაწერილი გეგმა, ბიუჯეტი თუ როგორ უნდა მოხდეს პოლიგონის, თბილისის ნაგავსაყრელის მოწესრიგება. მოგეხსენებათ, რომ თავის დროზე ეს პოლიგონი მოწესრიგდა ისე, რომ არანაირი ნებართვა მათ არ ჰქონდათ; შესაბამისად, ის საქმიანობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მიზნად ისახავს პირველი და მეორე უჯრედების მოწესრიგებას და მესამე უჯრედის მოწყობას. ასევე გარშემკრების, წყლის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, რათა თავიდან ავიცილოთ იქვე მდებარე მდინარის დაბინძურება და მინიმუმამდე დავიყვანოთ მეთანის აკუმულირება, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს, აალებადია. საფრთხე უნდა გამოირიცხოს. ამიტომ მთელი მომდევნო წელი მიმართული იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოებისკენ, რომ თბილისის ნაგავსაყრელზე ეფექტიანად განხორციელდეს სამუშაოები და ერთხელ და სამუდამოდ, აღმოიფხვრას ის პრობლემა, რომელიც ამ ნაგავსაყრელის საქმიანობამ გამოიწვია“, – განაცხადა ბითაძემ.

მისივე განმარტებით, ნაგავსაყრელის პირველი და მეორე უჯრედი ეტაპობრივად დაიხურება, ხოლო მესამე უჯრედი, რომელიც გაისხნება, მოთხოვნების შესაბამისად აღიჭურვება.

„გარკვეული თანხებია გამოყოფილი, რაც სამუშაოების 90%-სთვის საკმარისია, თუმცა ფორსმაჟორისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ასევე ვგეგმავთ დამატებითი თანხების მიმართვას ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რაც პოლიგონზეა“, - განაცხადა ბითაძემ.