პარლამენტში ინიცირებული საბიუჯეტო ცვლილებებით, 2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 11 487.2 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც დამტკიცებულ მოცულობას 30.0 მლნ ლარით აღემატება, მათ შორის საბიუჯეტო სახსრების ნაწილში ზრდა 35.0 მლნ ლარს შეადგენს.
პარლამენტში შემდეგი ცვლილებებია წარდგენილი: შემოსავლები - 9 696.2 მლნ ლარი (დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 206.7 მლნ ლარით); საგადასახადო შემოსავლები - 8 980.0 მლნ ლარი, დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით იზრდება 160 მლნ ლარით, მათ შორის: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი არ იცვლება და განსაზღვრულია 2 570.0 მლნ ლარით. მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 740.0 მლნ ლარით, რაც 59 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებულ გეგმას.
“მოგების გადასახადის მეტობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ გასულ წელს კომპანიების მოგებამ გადააჭარბა პროგნოზირებულ მაჩვენებელს და, შესაბამისად, მიმდინარე წლის 1-ელ აპრილამდე კომპანიებმა დაზუსტებული დეკლარაციების შესაბამისად გადაიხადეს მოგების გადასახადი“, - განმარტავს მთავრობა.
დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 4 020.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 241 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის პირველად გეგმას. მთავრობის ინფორმაციით, დღგ-ს გადაჭარბება დაკავშირებულია დაგეგმილზე მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან და ადმინისტრირების გაუმჯობესებასთან.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას პარლამენტი დღეს იწყებს.