ორი მილიონის სანაცვლოდ ვერ ვიტყვით უარს 50 მილიონზე, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.
როგორც გვიმრაძემ ”პალიტრანიუსის” ეთერში აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არათანაბარ პირობებშია, ვინაიდან მას კერძო მაუწყებლებისგან განსხვავებით გარკვეული ვალდებულებები აქვს, თუმცა, ვალდებულებები არ დაუკონკრეტებია.
”ორი მილიონის სანაცვლოდ ვერ ვიტყვით უარს 50 მილიონზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე არის არათანაბარ პირობებში იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომელიც მას აქვს. რისთვისაც იქმნება საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველგან, ესაჭიროება გარკვეული რესურსი, რომელიც დღეს არ არის საკმარისი. რეკლამის ნაწილი არ არის მხოლოდ ის კომერციული შემოსავალი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ერთ-ერთი ნაწილი იმ დამატებითი რესურსისა, რომლის დამატებასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს”, - განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.