სამი ნაბიჯი წარმატებისკენ

"ადგილობრივ კომპანიებშიც არსებობს საინტერესო მაგალითები, როცა რიგითი თანამშრომლები წარმატებას კარიერაში თანმიმდევრულად აღწევენ".

რიგითი თანამშრომლის პოზიციიდან ტოპ-მენეჯმენტამდე – კარიერული წინსვლა მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა მოტივირებული ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. წარმატების ფორმულა მარტივია - მთავარია დასაქმებული იყოს პროაქტიული, რაც ძირითადად ორგანიზაციისთვის მაქსიმალური სარგებლის მოტანაში, კოლეგიალურ მუშაობასა და მენეჯმენტისთვის ინიციატივების მიწოდებაში გამოიხატება. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დასაქმებულთა უმეტესობა არ ცდილობს მენეჯმენტთან ინიციატივა გამოიჩინოს და იდეებს პირიქით, ხელმძღვანელობისგან ელოდება.

მმართველობითი საკონსულტაციო კომპანია "სინერჯი ჯგუფის" ხელმძღვანელი პაპუნა ტოლიაშვილი ამბობს, რომ ასეთი მიდგომა კომპანიებსაც აზარალებს. ტოლიაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ ორგანიზაციებში მენეჯმენტის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას ინიციატივების მიმართულების ცვლილება წარმოადგენს. მისი თქმით, უკვე ბევრი ხელმძღვანელი ხვდება, რომ თუ ქვემოდან წამოსული ინიციატივების რაოდენობა არ გაიზრდება, მენეჯმენტის მიერ გენერირებული იდეები არც საკმარისია, არც ხარისხით და ორიგინალურობით გამოირჩევა და მათი განხორციელება ძალიან ჭირს.

ბევრი ხელმძღვანელი ჩივის, რომ იდეები არ მოდის ქვემოდან. ამას ისინი თანამშრომლების გულცივობას, არაკვალიფიციურობას, მენტალიტეტს, სიზარმაცეს, ცუდ ხასიათს და კიდევ ბევრ სხვა პერსონალურ თვისებას უკავშირებენ. არადა, რამდენიმე, არც თუ ისე რთული, სისტემური ცვლილებით ინიციატივების ნაკადის მიმართულების შეცვლა რეალურად შეიძლება. BPN-თან საუბრისას პაპუნა ტოლიაშვილმა ის ძირთადი წესები დაასახელა, რომლის შესრულებაც კარიერული წარმატების მიღწევის მსურველებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ.

"ძირითადი პრობლემა საბოლო ჯამში არის პროაქტიულობა. ეს არის მთავარი მოთხოვნა. თუ დასაქმებული ადამიანი ელოდება, რომ ჯერ სამსახურმა უნდა გაუკეთოს რამე, და შემდეგ იწყებს ფიქრს, თავად რა გაუკეთოს სამსახურს, უკვე წაგებულია. ვინც პირველ რიგში იმას ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი შექმნას ორგანიზაციისთვის და იმედი აქვს, რომ ამას დაინახავენ და დააფასებენ, წარმატების მიღწევის გაცილებით მეტი შანსი აქვს. ადამიანების უმრავლესობა პირიქით აკეთებს - ისინი ჯერ უყურებენ, ორგანიზაცია რას უკეთებს, და იმის შესაბამისად ცდილობენ თვითონაც რაღაც გააკეთონ.

ვინც ფიქრობს, რაც შეიძლება მეტი სარგებელი შექმნას თავის ორგანიზაციისთვის და მაშინაც კი არ წყვეტს ამ სარგებლის შექმნას, როცა ხელმძღვანელობა აგვიანებს ამის დაფასებას, ყველაზე დიდი შანსი აქვს რომ წარმატებას მიაღწიოს.

ზოგადად ამ მიმართულებით სამი მთავარი წესი არსებობს. პირველი – დასაქმებულს კარგად უნდა ესმოდეს მისი დანიშნულება და რაც შეიძლება მაღალ დონეზე შეასრულოს, მეორე – რაც შეიძლება მეტი დახმარება გაუწიოს კოლეგებს და მესამე – თანამშრომელი უნდა იჩენდეს ინიციატივას, ხელმძღვანელობას მიაწოდოს რაც შეიძლება მეტი წინადადება, როგორ იმუშავოს უკეთესად ორგანიზაციამ, მაშინაც კი როცა ფიქრობს, რომ ეს არავის სჭირდება. ასეთი ადამიანები ყოველთვის იმ 5%-ს მიეკუთვნებიან, რომელსაც აუცილებლად დააფასებენ, განვითარების შესაძლებლობას მისცემენ და დააწინაურებენ",- ამბობს ტოლიაშვილი და განმარტავს, რომ ეს მოდელი აბსოლუტურად ერთნაირად მუშაობს ყველგან - საქართველოშიც და უცხოეთშიც.

"ის ადამიანები კი, რომლებიც ამას არ აკეთებენ, თანამშრომლებს შორის ყველაზე მეტს წუწუნებენ. ისინი წუწუნებენ იმის გამო, რომ მენეჯმენტი არასაკმარისად აფასებს და არასკამარისს აკეთებს მათთვის. როგორც წესი, ისინი ერიდებიან თავად გადადგან პირველი ნაბიჯი და თვითონ დაანახონ მენეჯმენტს, რისი გაკეთება შეუძლიათ. მეც ვიყავი რიგითი თანამშრომელი, ძალიან ბევრ რიგით თანამშრომელთან მიწევს ურთიერთობა და ზუსტად ვიცი, რომ ისინი, ვინც პროაქტიულები არიან და პროაქტიულად უყურებენ სარგებლის შექმნის საკითხს, წარმატებას პირველები აღწევენ. უმეტესობა კი ფიქრობს: რა ძალა მადგია, რატომ შევიწუხო თავი, რასაც გადამიხდიან, იმას გავაკეთებ და საბოლოოდ ვერ აღწევენ წარმატებას კარიერაში", - ამბობს ტოლიაშვილი.

ადგილობრივ კომპანიებში არსებობს საინტერესო მაგალითები, როცა რიგითი თანამშრომლები წარმატებას კარიერაში თანმიმდევრულად აღწევენ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათი წინსვლის ძირითადი მიზეზი, სწორედ ზემოთ მოყვანილი სტრატეგიაა. BPN-მა ასეთ ადამიანებს წამყვან ქართულ კომპანიებში მიაკვლია. მათ შორისაა კომპანია "ნიკორას" წარმოების დირექტორის მოადგილე სტატისტიკის დარგში, მამუკა ათოშვილი.

მამუკა ათოშვილი ამბობს, რომ მენეჯერულ პოზიციამდე რთული და ხანგრძლივი გზა გაიარა, თუმცა მიიჩნევს, რომ ხელმძღვანელობა მის შრომას და მონდომებას ყოველთვის ამჩნევდა და შესაბამისად აფასებდა. როგორც რესპონდენტი ამბობს, ის დღესაც ისეთივე მოტივირებულია, როგორც წლების წინ, კარიერის დასაწყისში.

"კომპანია "ნიკორაში" 2003 წლის სექტემმბერში დავიწყე მუშაობა. თავდაპირველად ხორცპროდუქტების საწყობში, მუშის პოზიციაზე ვმუშაობდი. თავიდან ვიყავი ღამის ცვლაში, დაახლოებით ორი თვის შემდეგ იგივე პოზიციაზე, დღის ცვლაში გადმომიყვანეს. დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, ჩემი მოვალეობის პარალელურად ჩამაბარეს საწყობიც. ლუდის და ლიმონათის დისტრიბუციას ახორციელებდა "ნიკორა" და საწყობში მომარაგებასა და განაწილებასაც ვკურირებდი.

2005 წლის გაზაფხულზე კიდევ დამაწინაურეს და საამქროში აღმრიცხველად გადამიყვანეს. აღვრიცხავდი ნედლეულის ხარჯებს და პარალელურად საწყობს ვაქცევდი ყურადღებას. შემდეგ მოხდა ისე, რომ გაიზარდა ჩვენი კომპანია, გაიზარდა მოთხოვნებიც, ჩამოყალიბდა სტატისტიკის განყოფილება, რომელსაც ვხელმძღვანელობდი. ამის შემდეგ კიდევ დამაწინაურეს და გავხდი წარმოების დირექტორის მოადგილე სტატისტისკის დარგში და დღესაც ამ პოზიციაზე ვმუშაობ.

ჩემი წარმატების საიდუმლო, ალბათ, პირველ რიგში შრომისმოყვარეობის დამსახურებაა. ჩემი ეს თვისება არ დარჩენილა დამსაქმებლის ყურადღების მიღმა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ერთად გადავლახეთ ყველა სირთულე და ერთნაირად გვიხაროდა კომპანიის ყველა წარმატება. მიუხედავად ჩემი პოზიციისა, ყოველთვის აქტიურად ვთავაზობდი კომპანიის მაღალი რანგის მენეჯერებს სხვადასხვა საკითხზე ჩემს ინიციატივებსა და მოსაზრებებს. კიდევ უფრო მახარებდა ის ფაქტი, თუ ჩემი იდეით კომპანიაში რამე ცვლილება ხდებოდა. მეც მეტი სტიმული მეძლეოდა, კიდევ უფრო მონდომებული ვიყავი და კომპანიის ხელმძღვანელობა ამას ხედავდა. მონდომება არც ახლა მაკლია, რადგან ვხედავ, რომ ეს მონდომება და შრომა ფასდება და საერთო ჯამში ყველა მოგებულია, კომპანიაც, დამსაქმებელიც და დაქირავებულიც. ჩემი მაგალითი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ რეალურად წარმატება კარიერაში მხოლოდ ჩვენს ხელშია და თუ კომპანიის საქმე ჩვენს საქმედ იქცევა, შენი გარჯა არასდროს დარჩება დაუფასებელი",-ამბობს მამუკა ათოშვილი.

ნათია ლეშკაშელი