ბოლო ორ თვეში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ, სამშაბათს ოქროს ფასმა დაკარგული პოზიციების აღდგენა დაიწყო.
ინვესტორები აშშ-ის ფედრეზერვის ახალი შეფის და მონეტარული პოლიტიკის მიმართულების გარკვევის მოლოდინში არიან და ყოველ ახალ ამბავზე მკვეთრად რეაგირებენ. გარდა ამისა, მათ ქმედებებზე ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული დაძაბულობა კვლავ ძლიერ ზემოქმედებას ახდენს.
„კომექსის“ სავაჭრო პლატფორმაზე, ტროას უნცია ოქროს ფასი დაახლოებით 6 დოლარით (თითქმის 0.5%), 1 281.00 დოლარამდე გაიზარდა. ორშაბათს ყვითელი მეტალის ფასი 1.6 პროცენტით დაეცა, რაც 11 სექტემბრის შემდეგ, ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი დაცემაა.
ამჟამად ბაზარი ჯანეტ იელენის გამოსვლის მოლოდინშია. ინვესტორები მისგან, დოლარზე საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით, მინიშნებებს ელიან. იელენმა ორშაბათს განაცხადა, რომ ფედრეზერვის საბჭოს დატოვებს, როგორც კი სენატი ფედრეზერვის თავმჯდომარის პოსტზე, ჯერომ პაუელს დაამტკიცებს. გარდა ამისა, ოთხშაბათს ფედრეზერვის ბოლო სხდომის ჩანაწერები გამოქვეყნდება, სადაც შესაძლოა, ცენტრალური ბანკის სამომავლო სამოქმედო გეგმაზე იყოს საუბარი, რომელიც დოლარის განაკვეთს უკავშირდება.
ფედრეზერვის წლის ბოლო შეხვედრა 12-13 დეკემბერს არის დანიშნული და პროგნოზებით, მასზე დოლარის განაკვეთის კიდევ ერთხელ გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებენ. გარდა ამისა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ განაკვეთი მომავალ წელსაც სამჯერ გაიზრდება. ოქროს ფასი, დოლარზე განაკვეთის ცვლილების მიმართ მგრძნობიარეა.