Uber-მა ჰაკერებს 100 ათასი დოლარი გადაუხადა

ამერიკულმა კორპორაცია Uber-მა ორი თანამშრომელი გაათავისუფლა, მას შემდეგ რაც ჰაკერებმა კომპანიის 57 მილიონი მომხმარებლისა და მძღოლის მონაცემები მოიპარეს. ამის შესახებ Uber-ის გენერალურმა დირექტორმა, დარა ხოსროვშაჰიმ განაცხადა.

კომპანიის საიტზე გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ კიბერშეტევა გასული წლის ბოლოს მოხდა. მაშინ Uber-ის სათავეში ტრევის კალანიკი იდგა, რომელმაც თანამდებობა მიმდინარე წლის ივნისში დატოვა. ხოსროვშაჰიმ კი კომპანია აგვისტოში ჩაიბარა.

ხოსროვშაჰის თქმით, კიბერშეტევის შესახებ მან რამდენიმე ხნის წინ გაიგო.

ჰაკერებმა Uber-ის 57 მილიონი მომხმარებლისა და მძღოლის სახელები, ელექტრონული მისამართები და ტელეფონები მოიპოვეს. ხოსროვშაჰის განცხადებით, „ორი პირი, რომლებიც ინციდენტთან დაკავშირებით საპასუხო ზომების მიღების პროცესს ხელმძღვანელობდნენ, დღეიდან კომპანიაში აღარ მუშაობს“.

ხოსროვშაჰიმ გათავისუფლებული თანამშრომლების ვინაობა არ დაასახელა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ეს არის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ჯო სალივანი და მისი მოადგილე კრეიგ კლარკი.

სააგენტო „ბლუბმერგის“ ინფორმაციით, 2016 წელს Uber-ის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა დაემალა კიბერშეტევის ფაქტი და ჰაკერებს მოპოვებული ინფორმაციის განადგურების სანაცვლოდ 100 ათასი დოლარი გადაუხადა.