ბაზრობის მოვაჭრეებს სალარო აპარატების გარეშე ვაჭრობა 2015 წლის 1 იანვრამდე შეუძლიათ

ბაზრობის მოვაჭრეებს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება კიდევ ერთხელ - ამჯერად 2015 წლის 1 იანვრამდე უგრძელდებათ.

მათ სალარო აპარატების გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა მომავალ წლამდე ექნებათ, ნაცვლად მიმდინარე წლის 1 ივლისისა.

ამ მიმართულებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები კიდევ ერთხელ შედის. პროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ მოამზადა და მისი განხილვის პროცესი პარლამენტში უკვე დაწყებულია.

კერძოდ, კანონპროექტის შესაბამისად, ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის დახლიდან, 2015 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.