2017 წელი საქართველოში სავალუტო კრიზისით სრულდება - ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ ლამის ყოველდღიურად ეცემა.
ცხადია, რომ ეს პროცესი ყველა სფეროზე უარყოფითად აისახება და გამონაკლისს არც უძრავი ქონების ბაზარი წარმოადგენს. როგორც უძრავი ქონების სააგენტო „თბილისი სერვისის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, თამარ ბარბაქაძემ გვითხრა, ვითარება ამ ბიზნესში არასახარბიელოა - მოსახლეობა ბინის შეძენისგან თავს იკავებს და პროცესების განვითარებას ელოდება.
თამარ ბარბაქაძე:
- ჩვენ ძირითადად აშენებულ, ძველ ბინებს ვყიდით, რომელსაც კერძო მეპატრონე ჰყავს. შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ ჩვენს ბიზნესზე კატასტროფულად იმოქმედა. მოსახლეობას შემოსავალი ძირითადად ლარში აქვს, ბინების ფასს კი, რეალურად დოლარი განსაზღვრავს, ოღონდ, იყიდება დოლარის ეკვივალენტით ლარში. დოლარი ყოვედღიურად ძვირდება და ბინის მეპატრონეები ფასებს კიდევ უფრო ზრდიან. ამის გამო ბინები ყველას ეძვირება და ბოლო თვეებში რეალიზაცია ძალიან შეგვიმცირდა. განსაკუთრებით გართულდა ჩვენი საქმიანობა ბოლო ორი თვის განმავლობაში - მას შემდეგ, რაც ლარის კურსი დაეცა.
თამარ ბარბაქაძის თქმით, ლარის დევალვაცია ყველაზე ცუდად ბინების გაქირავებაზე აისახა:
-შეიძლება ითქვას, რომ ბინების გაქირავება ერთ წერტილზე გაიყინა - თუ ადრე დღეში 20-30-მდე კლიენტი მაინც გვყავდა, ახლა ბინის დაქირავების მსურველთა რიცხვი სულ ცოტა 70%-ით შემცირდა. დღეში 4-5-მა კლიენტმა თუ მოგვმართა, ისიც დიდი მიღწევაა. ბინებს საკმაოდ ხშირად ქირაობდნენ უცხოელები. ახლა კი, ისინი ერთწლიან კონტრაქტებს აფორმებენ და საქართველოდან რამდენიმე თვეში გარბიან. ასე იქცევიან არა მარტო აზიური ქვეყნებიდან ჩამოსულები, არამედ რუსები, უკრაინელები და დსთ-ის ქვეყნების მოქალაქეებიც. მათი წასვლის შემდეგ ჩვენთან მოდის გაწბილებული მეპატრონე, რომელმაც ბინა ერთი წლით გააქირავა, მაგრამ მდგმურისგან მხოლოდ რამდენიმე თვის გადასახადი მიიღო. ხშირად ესეც ჩვენი თავში სახლელი ხდება: ისე უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი კლიენტები არ დაზარალდნენ და საბოლოო ჯამში დაზარალებული ჩვენ ვრჩებით. დღევანდელ სიტუაციაში უძრავი ქონების სააგენტოები სრულიად დაუცველები არიან - აცხადებს „თბილისი სერვისის“ ხელმძღვანელი.
ლარის გაუფასურებამ პრობლემები სამშენებლო კომპანიებსაც შეუქმნა. როგორც სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, სავალუტო კრიზისმა ხალხი შეაშინა და ახლად აშენებული ბინების რეალიზაციამაც იკლო.
ზვიად დარახველიძე, სამშენებელო კომპანია „მონოლით ჯგუფის“ ხელმძღვანელი:
- ბოლო თვეებში მშენებარე ბინების რეალიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ სამშენებლო მასალები გაძვირდა და მშენებლობაც გაგვიძვირდა, ფასებს ვერ ვზრდით, რადგან შემდეგ ბინების რეალიზაცია გაჭირდება. ფასები კარგა ხანია არ შეგვიცვლია, მაგრამ კომპანიის გაყიდვები მაინც შემცირებულია. ამ სიტუაციაში ალბათ ყველა სამშენებლო კომპანია წაგებული რჩება.ზვიად დარახველიძის შეფასებით, სირთულეებს ქმნის ისიც, რომ ბინები ლარში იყიდება, თუმცა რეალურ ღირებულებას ხალხი მაინც დოლარში ანგარიშობს:
- ხალხი ლარს ძირითად ვალუტად ვერ აღიქვამს და ესეც გარკვეულ სირთულეებს გვიქმნის. თანაც, მშენებარე ბინებს ძირითადად კრედიტით ყიდულობენ, დოლარს მერე ლარზე ახურდავებენ და კომპანიის ანგარიშზე ლარი შემოაქვთ. თუ ლარი ჩვენს ქვეყანაში ძირითად ვალუტად იქცევა, ამას რა ჯობია, მაგრამ ამჟამად ბინის ფასს ყველა უცხოური ვალუტით ანგარიშობს - ვალუტით, რომელიც თვალსა და ხელს შუა ძვირდება.
ამავე საკითხზე ვესაუბრეთ სამშენებლო კომპანია „ლავა ბიზნესის“ საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის მენეჯერს, მარი კავთელიშვილს.
მარი კავთელიშვილი:
- ჩვენი კომპანია ძირითადად კერძო სახლებს აშენებს. აშენებული გვაქვს მცირე ზომის სახლები - დაახლოებით 30 კვ.მეტრი ფართობისა, მაგრამ უფრო დიდი მოცულობის სახლებსაც ვაშენებთ. ძირითადი კლიენტურა ლისის ტბაზე, ოქროყანაში, დიდ დიღომში, ისანსა და სამგორში გვყავს, მოთხოვნაა გლდანსა და ვარკეთილში აშენებულ სახლებზეც. ჩვენი კლიენტები ძირითადად უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არიან, თუმცა საკმაოდ აქტიურობენ რეგიონების წარმომადგენლებიც.
„ლავა ბიზნესის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ მათი კომპანიის საქმიანობა, სხვა სამშენებლო კომპანიების მსგავსად, დოლარის კურსზეა დამოკიდებული:
„სამშენებლო მასალები ჩვენთან ძირითადად იმპორტირებულია. არის მასალები, რომელსაც საქართველოში საერთოდ არ აწარმოებენ და დოლარში ვყიდულობთ. ამიტომ, ლარის დევალვაციამ მშენებლობა ძალიან გააძვირა. გარდა ამისა, ყველა სამშენებლო ფირმას სახელმწიფოს მიმართ თავისი ვალდებულებები აქვს, რომელსაც შესრულება უნდა. ჩვენს კომპანიას ფასები ჯერჯერობით არ გაუზრდია, მაგრამ ახალი წლის შემდეგ რა იქნება, ვერ გეტყვით“ – აღნიშნა მარი კავთელიშვილმა.
„თუ ლარის დევალვაცია გაგრძელდება, მომავალი წლიდან უძრავი ქონება საქართველოში გაძვირდება“ - განაცხადეს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებმა.
ხათუნა ჩიგოგიძე